
სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმები იზრდება
02/10/2019 08:32:29 სხვა, საზოგადოება
სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმები იზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები, რათა სწორედ ამ ადგილებზე განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მშენებარე ობიექტები არღვევენ კანონს და სხვადასხვა ადგილებში ყრიან სამშენებლო ნაგავს. აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს მის გაზრდას ფიზიკურ პირზე 1000 და იურიდიულ პირზე 3000 ლარამდე", – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ძველი კანონმდებლობით, ერთი კუბური მეტრი და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 1 500 ლარს – იურიდიული პირის შემთხვევაში.
თბილისის მერმა ვიცე-მერს კანონპროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ჯარიმების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია:
„საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, ერთიდან 10 კუბურ მეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარი. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის – 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.