
გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
01/10/2019 10:54:40 სხვა, სამართალი
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოქტომბერს განახლდება. სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიმართა. მისი განმარტებით, დაკავების ამსახველი ვიდეომტკიცებულება, რომელიც ჩალაგაშვილის მხრიდან დარღვევას ასახავს, სრულად დღეს ვერ იქნა წარმოდგენილი.
შსს-ში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.
თუმცა, საპირისპიროს აცხადებს "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია:
"სურთ, ჩალაგაშვილისგან ხულიგანი გამოიყვანონ, რაც აფსურდია. მეგობრისგან ბრუნდებოდა მძღოლთან ერთად, მათ გზა პოლიციის რამდენმე მანქანამ გადაუჭრა, იყო საკმაოდ უხეში მოპყრობა და დააკავეს".