“პუტინს არასოდეს ენდოთ და არასოდეს შეუშინდეთ!”

15-06-2022 06:15:03 თვალსაზრისი

პოლონეთი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად სადღეისოდ მაქსიმალურ ძალისხმევას სწევს პუტინის რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდასაჭერად. ვარშავა კიევს როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას უწევს. ომის მეოთხე თვის დასაწყისში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ევროკავშირის ქვეყნებში ტურნე განახორციელა, რათა ევროპელი კოლეგები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში დაერწმუნებინა. კიევის შესაბამისი განაცხადის განხილვა ივნისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და როგორც ამასწინათ უკრაინაში ვიზიტის დროს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, “ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზეა”. თუმცა ევროკავშირში არიან ისეთებიც, ვისაც ჯერ-ჯერობით უკრაინის ახალ წევრად ხილვა არ სურს. აგრესორი რუსეთის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი სანქციების, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგოს შემოღების იდეასაც ევროკავშირში ყველა ჯერაც არ იზიარებს. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინისთვის “სახის შენარჩუნებისა” და ომის სასწრაფოდ, ნებისმიერ ფასად შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ამასწინათ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში მაკრონმა მას ომის შესაჩერებლად ოკუპანტების მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების დათმობა შესთავაზა “პუტინისთვის სახის შესანარჩუნებლად”, რაზეც მან კატეგორიული უარით უპასუხა. საფრანგეთის ლიდერის მსგავსი პოზიცია უკვე დაგმეს აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. ეს უკანასკნელი აპრილში G7-ში შემავალი ქვეყნების ლიდერთაგან პირველი გახდა, ვინც ომის მსვლელობისას უკრაინაში ჩავიდა. ზელენსკისა და ჯონსონს სისტემატიური კონტაქტები აქვთ. დიდი ბრიტანეთი უკრაინას რეგულარულად ეხმარება შეიარაღებით. თუმცა კიევი მაინც განიცდის დასავლური იარაღის დეფიციტს, ომში გარდატეხის მისაღწევად უკრაინას დიდი სიშორის ასობით საარტილერიო და სარაკეტო სისტემა ესაჭიროება, რომელიც ამ დრომდე იგვიანებს.

მიმდინარე წლის 9 მაისს, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა კვლავ გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული სიცრუე, თითქოს რუსეთი “იძულებული იყო, წამოეწყო უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია ქვეყნის საზღვრებამდე ნატო-ს გაფართოებისა და უკრაინისა და ნატო-სგან მომავალი რეალური საფრთხის თავიდან ასარიდებლად”. უკვე ერთ თვეში კი, 9 ივნისს, სანქტ-პეტერბურგისა და პეტრე პირველისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე მან “ისტორიული რუსული მიწების შეგროვებაში” რუსეთის პირველი იმპერატორის - პეტრეს საქმის გამგრძელებლად გამოაცხადა თავი, რითაც უამრავი საკუთარი თანამემამულის აღშფოთებაც დაიმსახურა და ამავდროულად, თავის რეალურ მიზნად იმპერიის აღდგენა აღიარა – იმპერიისა, რომლის ნაწილს ოდესღაც წარმოდგენდა უკრაინაც და არაერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაც.

რა ფასი აქვს პუტინის სიტყვას და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი? რამდენადაა სადღეისოდ ცივილიზებული სამყარო მზად, გააგრძელოს პუტინის რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერა? შეგვიძლია თუ არა, ვისაუბროთ დასავლეთის “უკრაინული პრობლემით გადაღლაზე”? დაიყვნენ თუ არა დასავლელი ლიდერები ორ ჯგუფად – უკრაინის ტერიტორიის სრულად გათავისუფლებამდე ბრძოლისა და მშვიდობის სასწრაფოდ, ნებისმიერ ფასად მიღწევის მომხრეებად? - ამ და სხვა საკითხებზე ცოტა ხნის წინ ევროპიდან დაბრუნებული უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, უმაღლესი რადის დეპუტატ პეტრო პოროშენკოს მოსაზრებებს გთავაზობთ.

არაერთ ევროპელ პოლიტიკოსთან შეხვედრების შემდეგ ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ “უკრაინული თემით “გადაღლა” ომის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო შეიმჩნეოდა, მაგრამ შემდეგ ერთიანად გაქრა”:

“ჩემი აზრით, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან არავის სჯეროდა, რომ უკრაინა გაუძლებდა, თავიდან ყველას სჯეროდა პუტინის, რომელიც ჩვენი ქვეყნის “მაქსიმუმ, ერთ კვირაში აღებას” გეგმავდა. შესაბამისად, ის დახმარებაც, რომელიც იმ პერიოდში მოგვაწოდეს (ჰუმანიტარული ტვირთები და ლტოლვილების მიღება, თორემ იარაღის მოწოდებაზე იმხანად საუბარიც კი არ იყო) – ეს იყო “დახმარება განწირულისთვის”. სადღეისოდ კი ეს დახმარება აღარაა – დღეს ჩვენი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა ამას საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციად განიხილავს. დასავლეთში წამითაც აღარავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ თუ რუსეთს უკრაინაში ვერ შევაჩერებთ, შემდგომში აგრესორი თითოეული მათგანის კარს მიადგება: ზოგს – ჯარით, ზოგს – მიგრაციული კრიზისით, ზოგს – სასურსათოთი, ზოგსაც – ბირთვული ან ტექნოგენური კატასროფით. ამ კუთხით ილუზიები აღარავის შერჩა”.

პოროშენკოს შეფასებით, “შესაშური ერთიანობა, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ გამოავლინა, გასაოცარი აღმოჩნდა თავად ევროპელებისთვისაც და პუტინისთვისაც, რომელსაც ეს გათვლილი ნამდვილად არ ჰქონდა”:

“კრემლში თვლიდნენ, რომ “დასავლეთი სუსტია, ზოგადად დემოკრატია სუსტია და ის ნამდვილად ვერას გახდებოდა პუტინის დიქტატურისა და “რკინის ხელის” წინააღმდეგ”, რაც ერთგვარ განაჩენად უნდა ქცეულიყო დასავლური დემოკრატიებისთვის (სხვათა შორის, კრემლის ეს სადეზინფორმაციო ნარატივი არახალია და განსაკუთრებით მომძლავრდა ავღანეთში თალიბების რეჟიმის დაბრუნების შემდეგ). მაგრამ როდესაც უკრაინამ გააცამტვერა პუტინის გეგმა, კიევის კრეშჩატიკზე აღლუმი ჯერ 3-დღიანი ომის შემდეგ ჩაეტარებინა, შემდეგ – ერთკვირიანის და აგერ უკვე მეოთხე თვეა, აგრესორი უკრაინულ მიწაზე არათუ ვერსად ატარებს აღლუმს, არამედ მისი შემოტევა ფაქტობრივად, ჩაიხრჩო (ოკუპანტი ჯარის მომარაგების სისტემები პარალიზებულია, ათობით ათასი სამხედრო გავუნადგურეთ უამრავ ტექნიკასა და შეიარაღებასთან ერთად) და მეტიც, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე სულ უფრო დამაჯერებელ კონტრშეტევებზე გადადიან, ახლა უკვე ჩვენმა პარტნიორებმაც დაინახეს, რომ სადღეისოდ შექმნილი გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური, ნატო-ს სტანდარტებით ჩამოყალიბებული არმია ევროპაში და ძალგვიძს, შესაბამისი შეიარაღებით აღჭურვის შემთხვევაში აგრესორი ხერხემალში გადავლეწოთ. დიახ, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ დღეს აღარც უკრაინელებს, აღარც ჩვენს პარტნიორებს ეპარებათ ეჭვი, რომ უკრაინა ამ ომში დამაჯერებლად გაიმარჯვებს”.

ნატო-ს სტანდარტების ხსენებისას ექს-პრეზიდენტი გამოეხმაურა კრემლის კიდევ ერთ ცნობილ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს – თითქოს “უკრაინას რომ თავის დროზე კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მუხლი არ შეეტანა, დღეს ეს პრობლემები არ ექნებოდა”:

“ყველას მინდა, შევახსენო, რომ როცა 2014 წლის დასაწყისში რუსეთი უკრაინულ ყირიმსა და დონბასს დაესხა თავს, უკრაინას კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი ჰქონდა განსაზღვრული, არც ერთ უკრაინულ საკანონმდებლო აქტში არ იყო ნახსენები ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე მხოლოდ 16%-ს შეადგენდა. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი პრეზიდენტობის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი უკვე 70%-მდე იყო გაზრდილი. ვამაყობ იმით, რომ ნატო-სკენ სწრაფვის პროცესში ჩამოგვიყალიბდა ისეთი ჯარი, რომელიც პუტინის ნაქებ “მსოფლიოს მეორე არმიას” წელში ამტვრევს. ამ თვალსაზრისით, უკრაინა დღეს ნათელი მაგალითია იმისა, რას იძლევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა, თუნდაც ჯერ არ იყო ნატო-ს წევრი. ყველაფერი დანარჩენი კი მხოლოდ კრემლის გაცვეთილი სადეზინფორმაციო პროპაგანდაა და მეტი არაფერი”.

ამასთან, როგორც პოროშენკო აღნიშნავს, "უკრაინის მთავარი ევროინტეგრატორი და ზოგადად ნატო-ს გაფართოების მთავარი პრომოუტერი მაინც თავად პუტინი აღმოჩნდა":

“იმედი მაქვს, ნატო-ს შემდგომ სამიტზე მივიღებთ იმის დამაჯერებელ დემონსტრირებას, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრები ხდებიან, ხოლო უკრაინა წელს MAP-ს მიიღებს”.

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში ინტეგრაციის თემაზე საუბრისას იგი თურქეთის უარყოფით პოზიციასაც გამოეხმაურა, იქვე რუსეთის მიმართ სანქციების საკითხში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობაც გაიხსენა და შემდეგნაირად გააბათილა კრემლის კიდევ ერთი სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივი - “დასავლეთში ერთიანობის არარსებობის” თაობაზე, რომელიც ამ ორი ლიდერის მსგავს პოზიციებს ემყარება:

“ერდოღანისა და ორბანის პოზიციები სრულიად განსხვავებულ საფუძვლებს ემყარება. ერდოღანი თავისი შიდა პრობლემების გადაჭრას და ამ მიზნის მიღწევის გზაზე ნებისმიერი წინაღობის მოხსნას ცდილობს. ამასთან, იგი ღიაა მოლაპარაკებებისთვის. ორბანის შემთხვევაში კი სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე და პირდაპირ ვიტყვი: ევროპას, ისევე, როგორც რუსეთს, დღეს ჰაერივით სჭირდება დეპუტინიზაცია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კორუფცია ევროპაში ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. გადახედეთ “გაზპრომის” მოხსენებებს დაახლოებით 2017 წლიდან დღემდე: რუსულენოვან ვერსიებში არის ასეთი ქვეთავი – “საიდუმლო ხარჯები რუსული გაზის ტრანსპორტირების მექანიზმის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად”. “გაზპრომი” ამ მიზნით ყოველწლიურად საშუალოდ 3,5 მლრდ დოლარს ხარჯავს! აი, ამ პოლიტიკური კორუფციის სიბრტყეში უნდა ვეძებოთ როგორც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესები, რომლებიც დღეს კრემლის დასაცავად ღაღადებენ, “ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არისო”, ისე იმ ფსევდოექსპერტების, რომლებიც უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას გაჰკიოდნენ, რომ "ეს უკრაინას უდიდეს ეკონომიკურ ზარალს მოუტანდა", ხოლო ჩვენი ვაი-პრემიერი აზაროვი ამ ექსპერტების წამოძახილზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, “ამიტომაც არაფერი გვესაქმება ევროპაშიო”. დღეს იგივე პირები გაჰკივიან, “ევროპა ვერც რუსული ნავთობის გარეშე გაძლებს, ვერც რუსული გაზისო”... ყველას გთხოვთ, ნუ უსმენთ ტოქსიკური რუსული ფულით დაფინანსებული მსგავსი ელემენტების აზრს, რომელიც გრამ სიმართლეს არ შეიცავს! ნუ მისცემთ პუტინის რუსეთის დაფინანსებულ მსახურთ თქვენი გონებით მანიპულირების შესაძლებლობას!”.

უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ლიდერს მხოლოდ ერთხელ – ნორმანდიული ოთხეულის სამიტზეა შეხვედრილი, ხოლო პოროშენკო – რამდენჯერმე. ამ შეხვედრებზე დაყრდნობით იგი პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს და ამბობს, რომ “მის სიტყვას არასოდეს უნდა ვენდოთ და არასოდეს შევუშინდეთ”:

“არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც დაცული უნდა იყოს, თუ გსურთ, პუტინი თქვენს აზრზე დაიყოლიოთ და მოუგოთ. 1) უპირველესად, მასთან მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციებით უნდა გახვიდეთ, რადგან იგი ყოველთვის წავა იმდენად შორს, რამდენადაც შესაძლებლობას მისცემთ; 2) არასოდეს ენდოთ პუტინის სიტყვას არც მცირე საკითხში, არც მასშტაბურში – იგი დანაპირებს აუცილებლად დაარღვევს და ზოგადადაც, შავზე თეთრის თქმის არასოდეს რცხვენია; 3) არასოდეს შეუშინდეთ პუტინს: როგორც კი შიშს იგრძნობს, წააგებთ. რეალურად შეაფასეთ ვითარება, ძალები, შანსები, დაიკავეთ მაქსიმალურად მტკიცე პოზიცია და გაბედულად იმოქმედეთ, თუ გამარჯვება გსურთ”.