პოსტპუტინის ხანა პუტინიზმის შენარჩუნებით: რუსეთის ლიდერი ძალაუფლების გადასაბარებლად სახელმწიფო საბჭოს აყალიბებს

14-06-2022 22:59:13 თვალსაზრისი

9 ივნისს, პეტერბურგისა და პეტრე პირველისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ყოველმხრივ ცდილობდა, თავდაჯერებულობა გამოევლინა, “არ შეემჩნია” უკრაინაში მისი თავდაპირველი, არაერთგზის დეკლარირებული მიზნების სრული კრახი და ეს რეალობა კიდევ უფრო გრანდიოზული მიზნების დეკლარირებით გადაეფარა. მას უკრაინის აღარც “დენაციფიკაცია” უხსენებია, აღაც “დემილიტარიზაცია” და სცადა, “ისტორიულად რუსული მიწების შემგროვებლობაში” პეტრე პირველისთვის გაეტოლებინა თავი, რითაც სოცქსელების რუსულ სეგმენტში ბევრი გაამხიარულა. რაღა თქმა უნდა, ამ კონტექსტში პუტინის მხრიდან გაიჟღერა მუქარამაც, კერძოდ, “რუსული მიწების შეგროვებაზე” საუბრისას მან ახსენა ნარვაც, რომელიც სადღეისოდ ბალტიისპირეთის ტერიტორიაა. ანუ, რუსეთის ლიდერი, რომელიც მისი გრანდიოზული გზის პირველივე პუნქტში - უკრაინაში ჩაფლავდა, დაშოშმინების ნაცვლად, უკვე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსაც ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 არმიიდან 8 უკრაინასთან 3-თვიანი ომის შედეგად უკვე საგრძნობლად ჰყავს “შემოცრეცილი” და საბჭოეთის საწყობებიდან ძველისძველი ტექნიკაც კი გაჰყავს ბრძოლის ველზე უფრო თანამედროვე ანალოგების ტოტალური განადგურების გამო.

“გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო” – და ამასობაში პუტინს ჯანმრთელობის ძველი და ახალი პრობლემებიც უტევს, რის გამოც იგი იძულებულია, ძალაუფლების გადასაბარებლად ემზადოს.

ვინ შეცვლის პუტინს და როგორი იქნება რუსეთში პოსტპუტინის ეპოქა? - ამ და სხვა საკითხებზე რუსი პოლიტოლოგისა და ისტორიკოსის, ვალერი სოლოვეის ხედვებს გთავაზობთ.

“უკრაინის საომარი კამპანიის პირველი თვეების განმავლობაში, დაახლოებით მაისის ბოლომდე მყარი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, რომ რუსეთის ჯარი უკრაინაში "ჩაეფლო". შემდგომში ვითარება ოდნავ შეიცვალა. სადღეისოდ შეგვიძლია იმის კონსტატაცია, რომ რუსეთი ერთადერთი შერჩენილი ტაქტიკით - განურჩევლად ყველას და ყველაფრის ცეცხლის ალში გახვევით ძალიან ნელა მიიწევს წინ, თუმცა ვერც მას, ვერც უკრაინულ არმიას ბრძოლაში გადამწყვეტი გარდატეხა ჯერ ვერ შეაქვთ. მიუხედავად ამ რეალობისა და გამაოგნებლად დიდი დანაკარგებისა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკისა და შეიარაღების მიმართულებით, 9 ივნისს პუტინმა ცალსახად მიანიშნა იმაზე, რომ მზადაა გრძელვადიანი კონფლიქტისთვის – “ისტორიულად რუსული მიწების დაბრუნების” ხანგრძლივი პროცესისთვის, იმ ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც სადღეისოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეკუთვნით. ჩემი აზრით, ეს ურა-პატრიოტული პროპაგანდისტული განცხადებები არის მცდელობა, რუსული საზოგადოება შეამზადონ დასავლური სანქციებითა და სამხედრო ხარჯების ზრდით გამოწვეული, უკვე მოახლოებული ეკონომიკური სირთულეებისა და იმ საყოველთაო მობილიზაციისთვის, რომელიც პუტინს ახლა ერთის მხრივ, ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ამავდროულად, ძალზე სარისკოა მისი რეჟიმისთვის სოციალური აფეთქების რეალური შესაძლებლობის გამო” – თვლის რუსი პოლიტოლოგი.

ამასთან, მისი შეფასებით, პუტინის მიერ 9 ივნისს დეკლარირებულ “პეტრესეულ” გეგმებს განხორციელება არ უწერია:

“ერთია გეგმა და განზრახვა, მეორე – მისი რეალიზების პოტენციალი. ამ შემთხვევაში პოტენციალი ზრახვებს არ შეესაბამება”.

ამ კონტექსტში ვალერი სოლოვეი პუტინის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და თვლის, რომ ეს ერთ-ერთია იმ უმთავრეს მიზეზებს შორის, რომელიც რუსეთს მისი ლიდერის მიერ დეკლარირებული გრანდიოზული გეგმების რეალიზების შესაძლებლობას არ მისცემს:

“ჯანმრთელობა ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ფაქტორებს შორის, რომელმაც პუტინის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის დასუსტება და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში პოლიტიკური ტრანსფორაცია გარდაუვალი გახადა. ორივე ეს ფაქტორი, ერთად აღებული, უმთავრესია, რაც ხელს შეუშლის პუტინს 9 ივნისს დეკლარირებული მიზნების მიღწევაში”.

პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და პუტინის შესაძლო შემცვლელზე საუბრისას პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საუბარია ერთგვარ კოლექტიურ მემკვიდრეზე – სახელმწიფო საბჭოზე, რომლის ჩამოყალიბებას რუსეთის ლიდერი უკვე შეუდგა:

“ამჟამად ვლადიმირ ვლადიმირის ძე სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობის ფორმირებითაა დაკავებული. ჩემთვის უკვე ცნობილია საბჭოს მომავალი ორი წევრი, ორივე ძალზე გავლენიანი პირია და პუტინისთვის უახლოესი ადამიანი: ერთი მისი პირადი გარემოცვის წარმომადგენელია, ხოლო მეორე – პუტინის ძველი მეგობარი სპეცსამსახურების ხაზით. ამ საბჭოს ეგიდით უნდა განხორციელდეს, ჩანაფიქრის თანახმად, პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესი. თავად პუტინი იმედოვნებს, საბჭო ამ პერიოდში კულისებიდან მართოს, ხოლო შემდეგ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და შედეგად მივიღოთ პოსტპუტინის ეპოქა პუტინიზმის ნიშნების შენარჩუნებით. შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ტრანსფორმაციის პროცესში საკვანძო როლის შესრულებას გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რომლის გავლენა და წონა რუსეთში ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა. უკვე არსებობს პრეზიდენტობის კანდიდატების მოკლე სიაც, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატების დასახელებისგან თავს შევიკავებ”.

ვალერი სოლოვეი იქვე აზუსტებს, რომ პუტინს პრეზიდენტის სავარძლის ვინმესთვის დათმობა სულაც არ სურს და ეს უბრალოდ იძულებითი ნაბიჯია:

“საქმე აქ უპირველესად, მის ჯანმრთელობაშია. მოგეხსენებათ, წელს პუტინმა ტრადიციული “ცხელი ხაზი” [4-5-საათიანი ფორმატი, რომლის დროსაც მოქალაქეები პირდაპირ ეთერში პრეზიდენტს კითხვებს უსვამდნენ და მის პასუხებს ისმენდნენ – რედ.] გაუქმდა – ოფიციალური ვერსიით, “გადაიდო”. რატომ – არ განუმარტავთ. რეალურად კი, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჯარო სივრცეში არათუ 4-5, 1-საათიანი ყოფნაც კი პრობლემურია. მედიკოსები ამჟამად მისთვის ახალ თერაპიას არჩევენ და ჩემი მონაცემებით, ახალი გზით მკურნალობის დაწყება ივლის-აგვისტოში იგეგმება. თუმცა ვითარება მძიმეა და აგვისტომდეც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს”.

News

Other news