
საქალაქო სასამართლოსთან აქცია “შერჩევითი სამართალი სირცხვილია” მიმდინარეობს
28/09/2019 11:04:19 სხვა, სამართალი
საქალაქო სასამართლოსთან აქცია “შერჩევითი სამართალი სირცხვილია” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრზმელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოში შეცვლას აპროტესტებენ.
მათი თქმით, სპეცრზმელისთვის გირაოს შეფარდების მოტივად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, მაშინ როცა 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული აქციის ორი მონაწილის – ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი ხანია, მძიმეა, თუმცა მათ გირაოს არ უფარდებენ და ისინი დღემდე პატიმრობაში რჩებიან.
„უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. გვიწევს შერჩევით სამართალში ყოფნა, რასაც ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავაპროტესტებთ ყველა დონეზე, სადაც შეგვიძლია“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა.
20-21 ივნისის საქმეზე სულ 18 პირი დააკავეს, მათგან პატიმრობაში 15 რჩება. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 პირს: სოსო ბაჯელიძეს, ვატო გელაშვილსა და ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდა.
ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 20 სექტემბრამდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.