
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტყიბულში მაღაროელების აქცია შეწყდა, „საქნახშირს“ ახალი ინვესტორი შეცვლის
26/09/2019 14:52:08 სხვა, საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში მაღაროელების აქცია შეწყდა, „საქნახშირს“ ახალი ინვესტორი შეცვლის.
"პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ აქცია, გაფიცვა შეწყდა. დღეიდან პრაქტიკულად ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, დაიწყებს საქმიანობას და მეშახტეებთან ერთად დაიწყებს უკვე შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას. საიმისო მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს იქნას გასტუმრებული სახელფასო დავალიანება და გარდა ამისა, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რომ აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია შახტა გაჩერებულია. დაიწყება მოპოვება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კითხვაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“, მინისტრის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხს თავად „საქნახშირის“ წარმომადგელები გასცემენ. მინისტრმა განმარტა, რომ ახალი ინვესტორი „საქნახშირი ჯი-აი-ჯიმ“ თავად მოიძია და 100-პროცენტიან წილს სწორედ მას მიყიდის. ეკონომიკის მინისტრმა ახალი ინვესტორის ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა განმარტა, რომ კომპანია არის ქართული, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები და მას მადნეულის მოპოვების გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.