
გაბუნია პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს
25/09/2019 10:25:03 სხვა, სამართალი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს, იმ პირებს კი, ვინც მისი სახელი შეწყალების საქმესთან დააკავშირა, პასუხისგებით ემუქრება. ამის შესახებ მან გენერალური პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიკითხა და თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, პრეზიდენტიც აუცილებლად გამოიკითხება.
მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა საკითხებით დაინტერესდა პროკურატურა, მხოლოდ ის თქვა რომ გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი, გამომძიებლებს კი სრულად მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ამასთან, განხილვის თემა იყო ის, რაზეც მან რამდენიმე დღის წინ მედიასთან ისაუბრა.
„დამრჩა განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია, გამოავლინოს სავარაუდო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშივეა და თავად მოვითხოვე რამდენიმე დღის წინ, რომ დავეკითხე. დარწმუნებული ვარ, გამოძიება უმოკლეს ვადაში დადებს დასკვნას და თუ სავარაუდო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი. როგორც კი დასრულდება გამოძიება, ყველა ის პირი, ვინც მე გამრია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება“,- განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც ის გეგმავს სარჩელის შეტანას, "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და მან დააზუსძებნილი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არინ სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. „ევროპულმა საქართველომ“ სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო.