
დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში
25/09/2019 09:38:11 სხვა, საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით , საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ. კმ-ზე – 65.1 კაცი. ამასთან, 2018 წელს დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რაოდენობას 4 614 კაცით აღემატებოდა, ხოლო
საქართველოდან ემიგრაციაში გასულ წელს 10 783 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე ქვეყანაში შემოვიდა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 58.7% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. უშუალოდ დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.
2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1% მამაკაცი, ხოლო 51.9 % ქალია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელს შეადგენს: 2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგინა 74 წელი, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.7, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 17 375 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებული ბავშვების 34 %-ს შეადგენს. „საქსტატის“ განმარტებით, რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განპირობებულია რელიგიური ქორწინებების გავრცელებით, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ცოცხლად 9.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. გასულ წელს 438 მკვდრადშობილი დაიბადა, რაც 21.5 პროცენტით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით.
2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 9.6 პროცენტით შემცირდა. ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა ქ. თბილისში (31.6 პროცენტი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.6 პროცენტი).]
გასულ წელს, საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 46 524 კაცი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (26.1%), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (1.4 %).