სიტყვა, რომელიც პუტინს აღლუმზე მიმართვისას არ უხსენებია
09/05/2022 09:48:10 მსოფლიო
9 მაისთან დაკავშირებით თანამოქალაქეებისადმი მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სიტყვა "მარიუპოლი" ნახსენები არ იყო.
ქალაქი, რომელსაც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და სადაც ამ დრომდე ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, კრემლის ლიდერს არ უხსენებია.
ცოტა ხნის წინ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს.
მანამდე „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია:
"სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან. საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, - აღნიშნა პალამარმა.
მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, – განაცხადა პალამარმა და დასძინა, რომ „უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ".
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. „აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად რუსულმა არმიამ ვერ შეძლო.
რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარიუპოლის აღების შემთხვევაში, მოსკოვს დონბასიდან ყირიმთან სახმელეთო დერეფანი ექნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


