
საქართველოს რაგბის კავშირი მოქალაქეებს მიმართავს
23/09/2019 10:25:02 სხვა, საზოგადოება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, რიგი მოქალაქეები რაგბის კავშირის სიმბოლიკას უკანონოდ იყენებენ,- ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ.
"ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არა ერთმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით დაიწყო სარაგბო სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენება. ამ ფაქტის გამო საქართველოს რაგბის კავშირი მოგმართავთ:
საქართველოს რაგბის კავშირი წარმოადგენს ქართული რაგბის სიმბოლოთა და ატრიბუტიკის მსოფლიოში ერთადერთ კანონიერ მფლობელს.
ეს სიმბოლოები, ნიშანთა სისტემა და სიტყვათა წყობა საქართველოს რაგბის კავშირის სახელზეა რეგისტრირებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში.
შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ეს ნიშნები და მხოლოდ შეთანხემბის საფუძველზე მიანიჭოს მესამე პირებს მათი გამოყენების უფლება და დაუდგინოს აღნიშნულის გამოყენების ფარგლები.
მივმართავთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება.
აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევის კანონისმიერ პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, გარდა მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების, საქართველოს რაგბის კავშირი აქცევს საჯაროს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობას, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას, რითაც მათ შეექმნებათ რეპურაციული დისკომფორტი.
სასიხარულოა, რომ რაგბი პოპულარულია ბიზნეს წრეებში, ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ მათ თავიანთი საქმიანობის რეკლამირებასა და წარმატებაში. ამისათვის, საკმარისია, მხოლოდ შეთანხმება საქართველოს რაგბის კავშირთან, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა".