
"პატრიარქ კირილის ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება"
20/09/2019 16:30:53 სხვა, საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისადმი რუსეთის პატრიარქ კირილის მიმართვას “გაუგებარს” უწოდებს, რომელიც “სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება”.
“მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის "პრეზიტენდისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია. გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის: დე ფაქტო არჩევნები თბილისთან ერთად აშშ–მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც დაგმეს, მათგან 15–მა ქვეყანამ (ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბულგარეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ირლანდიამ, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, ფინეთმა, ჩეხეთმა) - ერთობლივი განცხადებით.