Accentnews.ge
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მამუკა ხაზარაძე შეუერთდა: "ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს"

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მამუკა ხაზარაძე შეუერთდა: "ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს"

20/09/2019 15:53:03 სხვა, საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ" მიმდინარეობს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მხარდამჭერები შეუერთდნენ.

"ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია. თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება", – განაცხადა ხაზარაძემ. 

20 ივნისის შემდეგ ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციების ბოლო აქცია, რომელიც პარლამენტის წინ იმართება, 21 სექტემბრიდან მოძრაობა სხვა ფორმით განაგრძობს საქმიანობას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დღეს არის განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ინტერესების ჯგუფების დღე. აქციაზე „სირცხვილიას“ სამომავლო გეგმის შესახებაც გახდება ცნობილი.

აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისა და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სიმბოლური აქციები ყოველი თვის 20 რიცხვში გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთვებიან, თუმცა ეს არ გულისხმობს კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი თქმით, ეს ნიშნავს კამპანიის წარმოებას – რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდებოდა ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S