Accentnews.ge
გენპროკურატურამ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო

გენპროკურატურამ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო

20/09/2019 09:19:15 სხვა, სამართალი

საქართელოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოსთვის გამოცემულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო,- ამის შესახებ გენპროკურატურა იუწყება.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულისთვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და ერთი ძებნილი შეიწყალა. 

გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 19 სექტემბერს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა.

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

თავად დიმიტრი გაბუნიას კომენტარი არ გაუკეთებია, პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ შეწყალების სკანდალურ სიასთან, რასაც თავად მოაწერა ხელი, გაბუნიას კავშირი არ აქვს და თავად აგებს პასუხს. ხოლო რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა, ეს არ განუმარტავს. პრეზიდენტმა სკანდალის შემდეგ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ასევე გახდა კრიტიკის საფუძველი. მორატორიუმის ვადები უცნობია.  

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S