
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიკითხა
20/09/2019 09:04:28 სხვა, სამართალი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ჩუბინიძე ირწმუნება, მან ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
„20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს.
„რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – ირწმუნება ჩუბინძე.
დღეს, 19:00-ზე "სირცხვილია" მასშტაბურ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ხსენებული საპროტესტო აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე არათუ წავიდა, გახარია დღეს პრემიერ–მინისტრია.