
რას გეგმავს პროკურატურა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით – საგამოძიებო უწყების კომენტარი
20/09/2019 06:23:10 სხვა, სამართალი
პროკურატურა გეგმავს, შეისწავლოს "ევროპული საქართველოს" განცხადება სკანდალური შეწყალების ირგვლივ.
„შევისწავლით და მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - აცხადებენ პროკურატურაში, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, გეგმავს თუ არა პროკურატურა გამოძიების დაწყებას. ამ საკითხზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი არ წარმოადგენს არგუმენტებს, როგორ აღმოჩნდა სკანდალური სია მის მაგიდაზე, გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს. საქმე იმაშია, რომ როგორც უკვე გახდა ცნობილი, 28 აგვისტოსთვის პრეზიდენტმა ერთი ძებნილი და მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს, რომლის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა 19 სექტემბერს პროკურატურას განცხადებით მიმართა, მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს.
„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.
პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
თავად დიმიტრი გაბუნიას კომენტარი არ გაუკეთებია, პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ შეწყალების სკანდალურ სიასთან, რასაც თავად მოაწერა ხელი, გაბუნიას კავშირი არ აქვს და თავად აგებს პასუხს. ხოლო რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა, ეს არ განუმარტავს. პრეზიდენტმა სკანდალის შემდეგ შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ასევე გახდა კრიტიკის საფუძველი. მორატორიუმის ვადები უცნობია.
იხილეთ ასევე:ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი: არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი