Accentnews.ge
ომბუდსმენი მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობა  უზრუნველყოს

ომბუდსმენი მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს

17/09/2019 16:35:45 სხვა, სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის შეწყალების ფაქტს ეხმიანება და  ქვენის პირველ პირს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა.

"საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის: ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. პრეზიდენტი არ განმარტავს, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S