
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმაში ცვლილებებია
17/09/2019 13:35:36 სხვა, საზოგადოება
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, სავალდებულო ხდება სამი საგნის ჩაბარება, თუმცა, სამედიცინო მიმართულებებზე აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი საგანი უნდა ჩააბარონ.
„სავალდებულო არის სამი გამოცდა, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ან ისტორია, ან მათემატიკა, იმის მიხედვით, თუ რომელ პროგრამაზე აბარებს სტუდენტი. მესამე საგანი რიგ შემთხვევებში უკვე განსაზღვრულია, ხოლო რიგ შემთხვევებში უნივერსიტეტებმა თავად აირჩიეს, რა უნდა იყოს ჩასაბარებელი კონკრეტულ პროგრამებზე. პროგრამების უმეტესობაზე სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, თუმცა უნივერსიტეტები უფლებამოსილნი იყვნენ, სურვილის შემთხვევაში, დაემატებინათ მეოთხე საგანი და მათი ნაწილი ასეც მოიქცა. ზოგიერთ პროგრამაზე მათ დაამატეს მეოთხე საგანი, მათ შორის, უნარები. ასევე, სამედიცინო მიმართულებების შემთხვევაში ოთხი გამოცდაა კვლავ სავალდებულო და ეს ოთხი გამოცდა არის: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ბიოლოგია და მეოთხე არის არჩევითი სამი საგნიდან : მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.
რაც შეეხება გრანტის მოპოვებას, იმ პროგრამებზე, სადაც სამი საგნით მიმდინარეობს ჩარიცხვა, სამი საგნის ქულები მონაწილეობს საგრანტო ქულის დათვლაში, ხოლო თუ ოთხი საგნით მინდინარეობს ჩარიცხვა, მაშინ აბიტურიენტი მონაწილეობას იღებს ორ კონკურსში. პირველ კონკურსში არის პირველი, მეორე და მესამე საგანი მნიშვნელოვანი, ხოლო მეორე კონკურსში მეორე და მეოთხე საგანი, ანუ რომელიც უნივერსიტეტმა შემდეგ დაამატა. ეს იქნება ორი კონკურსი, ექნება ორი შედეგი და სადაც უკეთესი შედეგი ექნება, ამის მიხედვით იქნება დაფინანსება”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღეზე გააცნეს.