
კვლევა: ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა მოსახლეობის აღქმით
17/09/2019 07:03:58 სხვა, საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58% კი ნაწილობრივაა კმაყოფილი.
კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.