
კვლევა: ევროკავშირისა და ნატო–ს წევრობისადმი მხარდაჭერა მყარია
17/09/2019 06:53:07 სხვა, საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 78%-ს შეადგენს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 14% აცხადებს, რომ „არაა მისაღები“. კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი 8%-მა დააფიქსირა.
მაისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავირში წევრობას 77% უჭერდა მხარს, გასულ წელთან შედარებით კი დღევანდელი მაჩვენებელი სამი პროცენტით არის შემცირებული.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.
ასევე კვლავ მტკიცე და მაღალია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა: კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17 პროცენტი – მიუღებელია, 71 პროცენტი – მისაღებია, 11 პროცენტი – არ ვიცი.
კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC - საქართველოს მიერ.
NDI ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას გეგმავს.