Accentnews.ge
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა

კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა

17/09/2019 06:31:02 სხვა, საზოგადოება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 31%  მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება, ხოლო 4 პროცენტის დაკვირვებით, საქართველოში დადებითი ეკონომიკური მდგომარეობაა.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება: რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34 %-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.

გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს; 62% –ის თქმით, შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს,38% ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 % საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ – არა. მხოლოდ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე.

კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხული მოსახლეობის  უმეტესობას (54%) სესხი აქვს. სესხი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ. ამ 54%- დან რომელსაც სესხი აქვს, 71% ამბობს, რომ დროულად ახერხებს სესხის დაფარვას, 24% ამბობს, რომ ზოგჯერ დროულად ვერ ახერხებს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავტესობა ამბობს, რომ სესხის საჭიროების შემთხვევაში ბანკს მიმართავს, თუმცა ასევე უმეტესობას არ სჯერა, რომ ბანკი მათ სესხს კარგ პირობებში შესთავაზებს. რაც შეეხება ახალ საბანკო რეგულაციებს, გამოკითხული მოსახლეობის 49% ამბობს რომ მისთვის ეს მისაღებია, 34% აცხადებს, რომ მიუღებელია.

გამოკითხულთა 61% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

კითხვაზე – ხუთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით როგორი ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ – 35% პასუხობს, რომ იგივე ფინანსური მდგომარეობა აქვს, 43% კი ფიქრობს, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით ნაკლები ფინანსური შესაძლებობა აქვს.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S