Accentnews.ge
"ოკუპანტებმა ჩერნობილიდან ნივთიერებები მოიპარეს, რასაც მათი მოკვლა შეუძლია"

"ოკუპანტებმა ჩერნობილიდან ნივთიერებები მოიპარეს, რასაც მათი მოკვლა შეუძლია"

10/04/2022 19:42:21 ევროპა

უკრაინის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მართვა ევალება, აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ლაბორატორიიდან 133 განსაკუთრებით რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

"ამ ნივთიერებების მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა, თუ არაპროფესიონალურად გამოიყენებენ. მოპარული ნივთიერებების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ. მათ ჩერნობილის დაბრუნების შემდეგ რუსი სამხედროების "უგუნურ ქმედებებზე" New York Times-თან ისაუბრეს.

მიუხედავად უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობისა, რუსი ოკუპანტები შიშველი ხელებით, ბულდოზერებითა და ტანკებით თხრიდნენ თხრილებსა და ბუნკერებს - ზრდიდნენ რადიაციის გავრცელების რისკებს.

"ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გაეკეთებინათ, რომ ეს სახიფათო იყო, მაგრამ მათ არ მოგვისმინეს". - ამბობს ჩერნობილის ბირთვული სადგურის უსაფრთხოების მთავარი ინჟინერი, ვალერი სიმონოვი.

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ჩერნობილის ატომური სადგური დაიბრუნეს, ინჟინრების თქმით, უსაფრთხოების უგულვებელყოფის ნიშნები ყველგან შეიმჩნეოდა, თუმცა რადიაციის გავრცელების არეალი საკმაოდ მცირეა.

New York Times-ის ცნობით, როგორც ჩანს, რუსი სამხედროები კვირების განმავლობაში რადიოაქტიურ ტყეში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების ცნობით, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა რადიაციული ავადმყოფობის შემთხვევები, ისინი, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ გამოვლინდეს.

სიმონოვის თქმით, ოკუპანტებს კონსულტაციებს რუსი ინჟინრებიც უწევდნენ, თუმცა ისინი სამხედრო მეთაურებზე გავლენას ვერ ახდენდნენ. ჩერნობილი გაძარცვული რუსი ჯარისკაცებისთვის უკრაინიდან ბელარუსში გაქცევის გზად იქცა.

"ისინი მოვიდნენ და გააკეთეს ყველაფერი, რაც სურდათ". - ამბობს ვალერი სიმონოვი.

მიუხედავად იმისა, რომ მიწა იმდენად ტოქსიკურია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რადიაციის გავრცელების პოტენციალი, მათ შორის უკრაინის საზღვრებს მიღმა, მიწის გათხრები "უგუნურების" ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის განყოფილების რუსმა სამხედრომ კობალტ-60-ის ნარჩენები შესანახ ობიექტზე შიშველი ხელებით წაიღო, რამაც რამდენიმე წამში რადიაციის დონე გაზარდა. ინფორმაცია ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცნობია.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის გზებზე გადაგდებული ტექნიკა და ელექტროენერგიაზე მომუშავე საქონელი აღმოაჩინეს - რუსებმა ისინი აშკარად გაძარცვეს, ნათქვამია New York Times-ის სტატიაში. რეპორტიორებმა ჩერნობილის მახლობლად გზაზე სარეცხის მანქანაც იპოვეს.

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ელექტროსადგურის თანამშრომლებზე არაერთი გზით იძალადეს, თუმცა გადარჩენილები აღნიშნავენ, რომ ვერაფერი მიუახლოვდება ბუჩისა და უკრაინის სხვა ქალაქების ტრაგედიებს.

ელექტროსადგურის კაფეტერიის მზარეულის, ნატაშა სილოშენკოს თქმით, ოკუპაციის დროს რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქ ჩერნობილში ბირთვული ტექნიკოსებისა და ინჟინრების, მეხანძრეების და დამხმარე პერსონალის ბინები გაქურდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის ხუთდღიან შეწყვეტას რაიმე სახის კატასტროფა არ მოჰყოლია, ეს ქარხნის ოპერატორების უზარმაზარი შფოთვის მიზეზი გახდა". - თქვა სადგურის ცვლის ზედამხედველმა, სერგეი მაკლუკმა.

New York Times-თან ინტერვიუში ვალერი სიმონოვი აღნიშნავს, რომ სარეზერვო გენერატორებს, რომლებიც გათიშვის შემდეგ გააქტიურდნენ, დღეში 18 000 გალონი დიზელის საწვავი სჭირდება. პირველ დღეებში რუსმა ოფიცრებმა დაარწმუნეს ქარხნის თანამშრომლები, რომ მათ საკმარისი საწვავი ექნებოდათ. თუმცა, მეხუთე დღეს, სამხედროების ლოგისტიკური პრობლემების გამო, რუსმა ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ დიზელს აღარ მიაწვდიდნენ. სიმონოვმა გენერატორებისთვის დიზელის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე შეაფასა, როგორც "შანტაჟი". თუმცა, ელექტროენერგია დროულად აღდგა და ავზი არ გადახურებულა.

საბოლოოდ, რუსი ოკუპანტების ქმედებები ყველაზე დიდ საფრთხეს თავად მათთვის წარმოადგენდა, ვინაიდან მათ არ დაიცვეს არცერთი უსაფრთხოების ზომა. - აჯამებს New York Times-ი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S