
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთი პირი ბრალს აღიარებს
16/09/2019 14:07:37 სხვა, სამართალი
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას „მტკიცებულებების გამორკვევა არ სურს და ბრალდების მტკიცებულებებს არ ხდის სადაოდ“.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს უფლება-მოვალეობები განუმარტა და ჰკითხა - ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს, რაზეც სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის 5-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. შუამდგომლობას დათანხმდა პროკურატურა. მოსამართლემ გაიზიარა მხარეთა შუამდგომლობა და სოსო ბაჯელიძეს პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.