აშშ და საფრანგეთი პუტინს ბირთვულ “საჩუქრებს” უმზადებენ
29/03/2022 05:55:29 მსოფლიო
კრემლის თავკაცი ბირთვული ღილაკით თამაშს არ ეშვება, მისი ქვეშევრდომები კი – ამ თემაზე სიტყვებით თამაშს. ამის მორიგი მაგალითი 28 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გვიჩვენა. ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში მან თან ის განაცხადა, რომ “ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას რუსეთში არც კი განიხილავენ”, თან დასავლეთს პუტინის გაფრთხილება შეახსენა, “თუკი უკრაინაში მიმდინარე ოპერაციაში ვინმე ჩაერევა, რუსეთს აქვს ყველა საჭირო შესაძლებლობა, ამის პრევენციაც მოახდინოს და მსურველებიც დასაჯოსო”.
ამასობაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბაშკირეთის ქალაქ უფის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ დაცულ ბუნკერშია გადაბარგებული, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი – ურალზე, სურგუტის მიდამოებში მდებარე ზედაცულ ბუნკერში, - იუწყება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი "Bellingcat" და პუტინის ბუნკერში გადაბარგებას ბირთვული ომის პოტენციურ საფრთხეს უკავშირებს.
“ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში - მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან გვატყობინებდნენ, რომ პუტინი უკრაინაში საომარი მოვლენების მოსკოვისთვის არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების იდეას დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა. მეტიც, იგი იკვეხნიდა კიდეც, “დასავლეთისგან განსხვავებით, ამ ნაბიჯის გადადგმის თავი მაქვსო". მაგრამ ახლა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მოვლენები მოსკოვისთვის აშკარად არასასურველი სცენარით განვითარდა, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა, წლის დასაწყისთან შედარებით, საგრძნობლადაა შემცირებული. საქმე ისაა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას პუტინის გარდა, კიდევ 4 პირი უნდა დასთანხმდეს, რომელთაგან სულ მცირე ორი, ჩვენი მონაცემებით, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა ზოგადად, ეს იდეა კრემლის ხელმძღვანელობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შესაბამისად, მოსკოვი დასავლეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯზეც ფიქრობს და უმაღლესი ხელმძღვანელობა წინასწარ გახიზნა დაცულ ბუნკერებში" - განაცხადა "Украiна24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "Bellingcat"-ის წარმომადგენელმა ხრისტო გროზევმა.
თუ პუტინი დასავლეთის საპასუხო ნაბიჯებზე მართლაც დაფიქრდა, ეს პოზიციის სასიკეთო ცვლილებაა, უპირველესად - მისთვის და რაღა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის, რადგან დასავლური მედიის ცნობით, სულ მცირე, ორი წამყვანი სახელმწიფო – აშშ და საფრანგეთი უკვე აქტიურად ემზადებიან საჭიროების შემთხვევაში მოსკოვისთვის საკადრისი ბირთვული პასუხის გასაცემად. ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით კი, აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთის მიმართ არც პრევენციული დარტყმების განხორციელებაა გამორიცხული.
ამ კონტექსტში რიგი დასავლელი ანალიტიკოსები აშშ-ის წინა და ამჟამინდელი ადმინისტრაციების მიდგომებში ერთ მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიუთითებენ: ტრამპის პრეზიდენტობის დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა შეიმუშავა “სტრატეგიული გაურკვევლობის კონცეფცია”, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგეებს არ უნდა სცოდნოდათ, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო განთავსებული ამა თუ იმ მომენტში აშშ-ის სტრატეგიული სამხედრო აქტივი, რათა ასეთ გაურკვევლობაში მყოფთ აშშ-ის წინააღმდეგ შეტევების დაგეგმვაც გასჭირვებოდათ, იმის განსაზღვრაც, უპასუხებდა თუ არა აშშ, ან სულაც თავად ხომ არ გეგმავდა ამერიკა მათ წინააღმდეგ შეტევას. ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ კი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს სტრატეგია ზუსტად საპირისპიროთი – “სტრატეგიული გარკვეულობის კონცეფციით” შეიცვალა: პრეზიდენტი ბაიდენი წინასწარ აფრთხილებს მოწინააღმდეგეებს, რა მოჰყვება მათ მიერ ამა თუ იმ “წითელი ხაზის” გადაკვეთას.
კონვექციური ჭრილში აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ეს სტრატეგია ნათლად გამოვლინდა უპირველესად, პრეზიდენტ პუტინთან მიმართებაში: ჯოზეფ ბაიდენმა ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე ღიად განუცხადა კრემლს, სად გადიოდა ის ზღვარი, რომელიც მოსკოვს არ უნდა გადაელახა და იმავდროულად ის “წითელი ხაზებიც” დაასახელა, რომელსაც თავად აშშ-ის ადმინისტრაცია არ გადაკვეთდა - “უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში უშუალოდ არ ჩაებმებაო”. მაშინ ბევრმა მსოფლიოში ბაიენს ეს სისუსტის გამოვლინებად ჩაუთვალა. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, ეს არა სისუსტე, არამედ პირიქით – სიძლიერე აღმოჩნდა: ამ განცხადებით ბაიდენმა ერთგვარად შეიტყუა პუტინი უკრაინაში, სადაც მას ნამდვილი ხაფანგი ელოდა. ამასთან, მას პუტინისთვის მიცემული დაპირება არ დაურღვევია და ამმხრივ რუსეთი მას ვერაფერს მოედავება.
აი, ბირთვულ პარადიგმაში კი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, საპირისპირო მიდგომით – კვლავ ჯეიმს მეტისის “სტრატეგიული გაურკვევლობის კონცეფციით” ხელმძღვანელობს. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თემა უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საკმაოდ ხშირად ჟღერს, ბაიდენს საჯაროდ ამ დრომდე არსად გაუმხელია, აპირებს თუ არა მისი ადმინისტრაცია ბირთვული იარაღის გამოყენებას, რა პირობებში, იქნება ეს პრევენციული დარტყმა თუ საპასუხო და ა.შ. არადა, როგორც ორიოდ დღის წინ ამერიკულმა მედიამ გვამცნო, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთზე შესაძლო ბირთვული დარტყმის სცენარზე სულ მცირე, 28 თებერვლიდან მუშაობს.
ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას შემდეგ შემთხვევებში განიხილავს:
- თუ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს;
- თუ პუტინი ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე კონვექციურ შეტევას განახორციელებს;
- თუ პუტინი ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
თუმცა კონკრეტულად რა სახის პასუხი გაეცემა რუსეთის ამ შესაძლო ქმედებებს – პუბლიკაციებში დაზუსტებული ისევ და ისევ არ არის.
რუსეთთან კონვექციური და ბირთვული დაპირისპირებებისადმი მიდგომებში ასეთ სხვაობას დასავლელი ანალიტიკოსები ბაიდენის ადმინისტრაციის განსხვავებული მიზნებით ხსნიან: პირველ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის გეგმის გამხელა ამ უკანასკნელის უკრაინულ ხაფანგში შეტყუების მცდელობით აიხსნებოდა, ხოლო ახლა, თუ პუტინი რუსეთის ეგზისტენციური განადგურების საჭიროებამდე მიიყვანს საქმეს, დაუშვებელია, მოსკოვმა ვაშინგტონის გეგმები წინასწარ შეიტყოს და მოვლენები უკონტროლო ჭრილში გადაიყვანოს.
ამერიკულ მედიასთან თითქმის ერთდროულად ფრანგულმა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს რიგი პუბლიკაციები იმის შესახებ, როგორ ემზადება შესაძლო ბირთვული ომისთვის პარიზიც. მათი მონაცემებით, ათწლეულების განმავლობაში პირველად, საფრანგეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა სამორიგეოდ ერთდროულად სამი სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავი გაიყვანეს (დღემდე მორიგეობდა ერთი, ან მაქსიმუმ ორი). თითოეული მათგანი აღჭურვილია 16 რაკეტით, რომელთაგან თითოეული 10-მდე ატომური ქობინის მატარებელია და ამ უკანასკნელთაგან თითოეულს შეუძლია, სამიზნე დანარჩენებისგან დამოუკიდებლად – სეპარატულად დააზიანოს. ჯამურად 3 ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი 500-მდე ბირთვული ქობინის მატარებელია და საჭიროების შემთხვევაში მთელი რუსეთის განადგურება ძალუძს.
გარდა ამისა, ამ დღეებში საფრანგეთმა გამოსცადა ატომური ქობინის მქონე ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც ფრანგულ გამანადგურებელზე მაგრდება. რაკეტის ფრენის მანძილი 500 კმ-ია, სიმძლავრე – 300 კილოტონა, ანუ 15-ჯერ მეტი თავის დროზე ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეზე. საჰაერო ბაზირების რამდენ ასეთ ტაქტიკურ რაკეტას ფლობს საფრანგეთი – გასაიდუმლოებულია. უცნობია ისიც, არის თუ არა მსგავსი რაკეტები თვითმფრინავებზე, რომლებიც ფრანგულ ავიამზიდ “შარლ დე გოლზე” დგანან.
თავის მხრივ აშშ-ს საფრანგეთზე გაცილებით მეტი ატომური წყალქვეშა ნავი გააჩნია. როგორც ამერიკული მედია პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ წყალქვეშა გიგანტებს რუსეთი მთელს პერიმეტრზე ალყაში ჰყავთ მოქცეული და მზად არიან, შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში რაკეტები აამოქმედონ.
ხოლო რა პირობებია ეს – რუსეთს ამჯერად უკვე არც აშშ უმხელს, არც საფრანგეთი. სწორედ ამ გაურკვევლობით სურს დასავლეთს, აიძულოს პუტინი, მოეშვას წითელი ბირთვული ღილაკით თამაშს და მიახვედროს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მას ეგზისტენციური განადგურებისგან არავინ დაინდობს.
თუმცა ბირთვული საფრთხე პრევენციული დარტყმის სახით მოსკოვს შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოუყენებლადაც დაემუქროს – მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ეს უკვე დაიწერა ამერიკულ მედიაში. ამაზე მიანიშნა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, განაცხადა რა ამასწინათ პოლონეთში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომ “აშშ უკრაინაზე რუსეთის ქიმიური შეტევის შემთხვევისთვის პასუხის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს”.


