
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები ისევ შედის
13/09/2019 05:58:20 სხვა, ეკონომიკა, საზოგადოება
თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი, რომელიც არ არის დაკავშირებული წვის პროცესთან, უახლოეს მომავალში ტრადიციული თამბაქოს ნაწარმის მსგავს რეგულაციებში მოექცევა. საუბარია "გახურებით თამბაქოზე", "სითხეებზე" და ა.შ. – ჩამნაცვლებელ საშუალებებზე. ამ საკითხზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულია და ინიციატივას, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარდაჭერა 12 სექტემბერს გამოუცხადა.
ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად განსხვავებისა, აუცილებელია თამბაქოს "ახალი ნაწარმი" სამართლებრივ რეჯიმში მოექცეს.
"პროდუქცია ქვეყანაში შემოდის არალეგალურად, ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონის ადონეზე არსებობდეს კონკრეტიზაცია ამა თუ იმ პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის, შემდგომ მისი დაბეგრვის და ზოგადად მოექცეს იმ ძირითადი კანონის ქოლგის ქვეშ, რასაც ჰქვია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი.თუ ჩვენ ერთის მხრივ ვაღიარებთ, რომ კარგია, ეს კანონი რომ ამუშავდა, მეორეს მხრივ, ეს შესალოა, დარტყმა იყოს საზოგადოებისთვის, რომ არ არის სიგარეტი, მაგრამ ნებისმიერი სხვა ტიპის ... არის და როგორც ვიცი, არანაკლები ზიანი აქვს ამ სხვა ტიპის პროდუქტებსაც. ეს ახალია, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ზიანის სესახებ ვიცით. აშშ–ის პრეზიდენტსაც აქვს მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული და ა.შ.",– განაცხადა კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, დეპუტატები აქტიურად მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან, რომ შემუშავდეს რეგულაციები ე.წ. დაჭრილ თამბაქოსთან – თუთუნთან დაკავშირებით, რომელიც აამდე არ იბეგრებოდა და ჩამნაცვლებლად იქცა მომხმარებლებისთვის თამბაქოს გაძვირების შემდეგ:
"იქნება რეგულაციები, დაექვემდებარება საბაჟოზე დაბეგვრის კუთხითაც და ლაბორატოპრიული შემოწმებითაც, რომ იყოს ხარისხიანი და შემდგომ შევიდეს საქართველოს ბაზარზე".