Accentnews.ge
პროკურატურა "გახარიას წერილთან" დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

პროკურატურა "გახარიას წერილთან" დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

11/09/2019 13:59:58 სხვა, სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურატურის მტკიცებით, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. ასე ხსნის პროკურატურა იმ გარემოებას, რომ "გახარიას წერილთან" დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო. 

​პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. წერილთან დაკავშირებით გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, როდესაც არ წარადგინა წერილის დედანი.

„შეკითხვა, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება ე.წ. წერილთან დაკავშირებით, არარელევანტურია, ვინაიდან, მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება.

გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – აცხადებენ, პირველი არხის ცნობით, პროკურატურაში. 

ცნობისთვის: ადვოკატებმა დღეს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას. 

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S