
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“:"აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო მართული"
11/09/2019 08:52:18 სხვა, სამართალი
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო მართული,– ამ სათაურით სტატიას „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ აქვეყნებს.
„აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მეამბოხის მკვლელობის უკან რუსეთი დგას, რაც აღვივებს შეშფოთებას, რომ მოსკოვი საზღვარგარეთ მყოფი სავარაუდო მტრების წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში და სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ ამ მკვლელობასთან რუსეთი დააკავშირა.
ჟურნალისტების ცნობით, დანაშაულის გამოძიებაში ამ ეტაპზე სამი ქვეყნა: გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი არის ჩართულები, თუმცა გერმანიის მთავრობა დუმს, რის გამოც ოპონენტები ხელისუფლების წევრებს მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ბერლინს რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის არიდება სურს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მან საკითხის კომენტირება ბერლინის პროკურატურას და საგარეო დაზვერვის სამსახურსაც სთხოვა, უარი მიიღო, თუმცა ირწმუნება, რომ ეს უკანასკნელი გამოძიებაშია ჩართული.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, 40 წლის საქართველოს მოქალაქეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ერთ-ერთი უკანასკნელია იმ თავდასხმებს შორის, რომელთა მსხვერპლი კრემლის ანტაგონისტები გახდნენ. ჟურ ნალისტი იხსენებს სკრიპალების საქმეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ მკვლელობები ყველაზე ხშირად ფედერალური მთავრობისა ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მიერ არის კოორდინირებული და მართული.
„არსებობს ეჭვი, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არა მოსკოვმა, არამედ ჩეჩნეთმა დაუკვეთა, თუმცა დანაშაული ორგანიზებული იყო რუსული სპეცსამსახურების დახმარებით“, – წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ხანგოშვილი წლების განმავლობაში არაფორმალურად იყო დასაქმებული საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურში, იყო სპეციალიზებული რუსეთზე. ავტორი იხსენებს წარსულში ხანგოშვილზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, რის გამოც ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მას მეჩეთთან "ქილერმა" ესროლა.
"აქცენტმა" ხანგოშვილთან ერთ-ერთი ინტერვიუ 2016 წელს ჩაწერა. ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ეს მასალა შეიცავს, დღესაც საყურადღებოა:
იხილეთ ასევე: 7 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან - რა დეტალებზე საუბრობდა ზელიმხან ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუშია
ისხანოვი: "ზელიმხანის მკვლელობის კვალს, დიდი ალბათობით, რუსეთის საელჩოსკენ მივყავართ"