
მოზარდი ყვება, რომ მას მკვლელობა აღიარებინეს, თუმცა „მოკლული“ შინ უვნებელი დაბრუნდა
11/09/2019 08:29:49 სხვა, სამართალი
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გურჯაანში მცხოვრები 16 წლის ბ.მ. პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი გახდა. არხმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მოიპოვა, რომლის თანახმადაც, მოზარდს სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, მას კისრისა და კიდურების არეში ნაჭდევები აღენიშნება.
როგორც მოზარდი ჰყვება ორმა სამართალდამცველმა ის ჯერ პოლიციის მანქანაში სცემეს, შემდეგ მასზე მდინარესთან იძალადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა გაგრძელდა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში: ფანჯრიდან ფეხებით გადმოჰკიდეს და აღიარებითი ჩვენებაც მიიღეს. როგორც მოზარდი ამბობს, სამართალდამცველები მისგან 34 წლის ვანო მახარაშვილის მკვლელობის, შემდეგ ცხედრის დანაწევრებისა და ფრაგმენტების მდინარეში გადაყრის აღიარებას ითხოვდნენ. მოზარდის თქმით, მან წამების პირობებში მკვლელობა აღიარა, თუმცა ვანო მახარაშვილი რამდენიმე დღეში შინ უვნებელი დაბრუნდა. გაირკვა, რომ ის მთაში იმყოფებოდა და საქონელს მწყემსავდა.
„ერთი მცემდა, მეორე გადმოვიდა და თოფი დამადო, „თქვი, რომ მოკალი, სად ჩააგდეო.“. ვტიროდი, არ მემოკლავს–მეთქი. არხში მაგდებდნენ, „თქვი, რომ შენთან მოდიოდა და მოკალიო“. მესამე სართულიდან გადამკიდეს. კივილი დამვიწყე, მაგრამ არავინ მოსულა. ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი ტრიალებდა იქ, თუმცა არავინ ემოსულა, ალბათ შეთანხმებულები იყვნენ“,– აცხადებს მოზარდი.
ამ დროისთვის „მოკლულად“ გამოცხადებული სოფელში არ იმყოფება, ის მთაში ცხვარს მწემსავს, თუმცა განვითარებული მოვლენების შესახებ მამამისმა უამბო ჟურნალისტებს. კერძოდ, მამა ამბობს, რომ შვილის მკვლელობის შესახებ მას ინფორმაცია სამართალდამცველებმა მიაწოდეს და არარსებულ ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. საბოლოოდ ვაჟი შინ მოულოდნელად ცოცხალი დაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით შსს–ს გენინსპექციამ დაიწყო გამოძიება.