
„სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500 ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია“
11/09/2019 07:08:52 სხვა, საზოგადოება
თბილისის მერიასა და კომპანია M-კვადრატს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500–მდე ოჯახის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და მშენებარე ობიექტის დასრულებას.
„დღეს 2500 დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია“,– აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).
სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2000-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ის მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.
„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, – განაცხადა m2-ის მმართველმა პარტნიორმა და BK Construction-ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.