
კიევი და მოსკოვი კომპრომისებისკენ დაიძრნენ
12/03/2022 20:44:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა, რომელიც რუსეთთან მომლაპარაკებელთა ჯგუფში შედის, გამოცემა "Коммерсантъ"-ს მოლაპარაკებათა პროცესის რიგი დეტალები გაუზიარა და ვითარება "მთლიანობაში დამაიმედებლად" შეაფასა.
«მოლაპარაკებათა მაგიდაზე ამ დროისთვის სხვადასხვა წინადადებები დევს - ბევრია, დაახლოებით ათამდე. ეს წინადადებები ეხება როგორც პოლიტიკურ დარეგულირებას, ისე, რაც მთავარია, სამხედროს - ვგულისხმობ ცეცხლის შეწყვეტას, მის ფორმულასა და ჯარის გაყვანას. ამ დროისთვის ეს ყველაფერი სამუშაო ჯგუფების დონეზეა, განიხილება იურიდიულ ფორმატებში - ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საბოლოო დოკუმენტები. შემდეგ ხომ ისინი პარაფირებას მოითხოვს, ხელმოწერას და ა.შ. როგორც კი შემუშავდება შემხვედრი იურიდული ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა — მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება, მოხდეს ხვალ, ზეგ. ვფიქრობ, კიდევ გაგრძელება და უბრალოდ საუბრების წარმოება საჭირო აღარაა. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ახლა კი მათ რაღაც იურიდიულ შეფუთვას ვუძებნით»,— განაცხადა მიხეილ პოდოლიაკმა.
ანუ, მხარეები შეთანხმებებისთვის ფორმის მიცემას შეუდგნენ. ამ მხრივ დეტალების დაკონკრეტებას ისინი თავს არიდებენ. როგორც ამასთან დაკავშირებით პოდოლიაკი განმარტავს, დელეგაციები შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შინაარსი არ განასაჯაროვონ მანამ, სანამ საბოლოო შეთანხმება ყველა საკვანძო პოზიციასთან მიმართებაში არ იქნება მიღწეული.
ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველს არ დაუმალავს ის პარამეტრები, რომლებზე გასვლასაც უკრაინული მხარე ისურვებდა. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება "მრავალკომპონენტიანი" უნდა იყოს: "მან უნდა მოიცვას რამდენიმე პოზიცია. უპირველესად, ესაა ომის, როგორც ასეთის, დასრულებასთან დაკავშირებული პოზიცია. მეორე პუნქტი - პროცედურა, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანის სისწრაფე, ვადები. მესამე გახლავთ სამშვიდობო შეთანხმება - ანუ როგორ იქნება გარანტირებული მშვიდობა. და აქ ვუბრუნდებით საკვანძო მომენტს, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი უნდა იყოს დაშენებული, — უკრაინისთვის უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს, გარანტიებს იმისა, რომ მსგავსი სიტუაციები აღარ განმეორდება».
გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებზე განიხილება კიდევ ერთი - მეოთხე კომპონენტი - საკომპენსაციო მექანიზმები: "მოსკოვის ყველა მტკიცების მიუხედავად, თითქოს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავდეს, სამწუხაროდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დიდი ინტენსივობით იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, განსაკუთრებით - საზღვრისპირა ოლქებში, ასევე ცენტრალური ოლქების ნაწილში. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მკაფიოდ იყოს გაწერილი საკომპენსაციო მექანიზმები: რის ხარჯზე და რა ბიუჯეტის ხარჯზე განხორციელდება ამ ყველაფრის აღდგენა. აქ ხომ, წინასწარი გათვლით, მილიარდობით დოლარზეა საუბარი!».
მთლიანობაში, პოდოლიაკის შეფასებით, მომავალი უკრაინულ-რუსული შეთანხმება ყოვლისმომცველი უნდა იყოს: "ის უნდა შეიცავდეს, ერთის მხრივ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი მოვლენების განმეორების გამორიცხვას და ამავე დროს ითვალისწინებდეს უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომელთა მიღებაც რუსეთის ფედერაციას სურს, გლობალური სამხედრო კავშირებისადმი მისი შიშების გათვალისწინებით».
პოდოლიაკის შეფასებით, მხარეები კომპრომისს უახლოვდებიან: «ჩვენ მომზადებული გვაქვს ყველა ის წინადადება, რომელიც მეტ-ნაკლებად იცავს ამ ინტერესებს და უკრაინა რისკის ზონიდან გამოჰყავს იმ თვალსაზრისით, რომ მსგავსი სიტუაციები აღარ განმეორდეს, ასევე გაჰყავს უკრაინა გარკვეულ კომპენსატორულ ჭრილშიც - სწორი გაგებით. და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, ვთქვა: რუსული მხარე უკვე გაცილებით უფრო ადექვატურად ეკიდება ვითარებას, თუმცა როგორც ჩანს, უნდა გავიდეს კიდევ გარკვეული დრო, რომ მან უკვე ასივე პროცენტით აღიქვას სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა სწორედ რუსეთი და არა უკრაინა».
აღსანიშნავია, რომ 10 მარტს უკრაინულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის მიერ წაყენებული პირობების შესახებ. გამოცემა «Зеркало недели» წერდა 6 საკვანძო პუნქტის თაობაზე: "უკრაინის მიერ ნატო-სკენ სვლაზე უარის თქმა და ნეიტრალური სტატუსი, რომლის ერთ-ერთი გარანტორი რუსეთი უნდა იყოს; რუსულისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება; ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება; დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში; უკრაინის დენაციფიკაცია, რაც ითვალისწინებს ულტრანაციონალისტური, ნაცისტური და ნეონაცისტური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, ნაცისტებისა და ნეონაცისტების ჰეროიზაციის შესახებ კანონების გაუქმებას, და ბოლოს - უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, ანუ სრული უარი შემტევ შეიარაღებაზე".
თუმცა მიხეილ პოდოლიაკი მსგავსი მოთხოვნების არსებობას უარყოფს. მისი თქმით, «დენაციფიკაციის» თემას რუსული მხარე მხოლოდ პირველ რაუნდზე აყენებდა, მეორედან დაწყებული კი, იგი აღარ განხილულა: «თავდაპირველად რუსული მხარე ეყრდნობოდა ყალბ ნარატივს ჩვენთან რაღაც ფაშიზმის, ნაციზმისა და ა.შ. ჰეროიზაციის შესახებ. მათთვის სიურპრიზი იყო, როცა აღმოგვაჩნდა მთელი რიგი ევროპული კანონები, რომლებშიც ნაციზმისა და ფაშიზმის ყველა გამოვლინების დაგმობა და აკრძალვაა გაწერილი. უხერხულია, პრეტენზიის სახით უყენებდე ქვეყანას რაღაცას, რაც მას უკვე სრულად აქვს დარეგულირებული საკანონმდებლო დონეზე ევროპულ ქარტიებთან შესაბამისობაში".
რაც შეეხება მხარეების მიერ განხილული ჰუმანიტარული ბლოკების დეტალებს, პოდოლიაკის თქმით, ისინი შემაჯამებელ კომიუნიკეში გაიწერება - «და ყველა ნახავს, რომ სურათი განსხვავებულია იმისგან, რომელსაც მედია აღწერდა".
მისი შეფასებით, საბოლოო კონტურები უკვე უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში უნდა გამოიკვეთოს, თუმცა მანამდე რაიმე დეტალების გახმაურება არასწორია, მით უფრო, რომ ყველა საკითხში 100%-იანი სიცხადე ჯერ მიღწეული არაა: "აქ ხომ საკმაოდ რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის უკრაინამ და რუსეთმა) მთელი რიგი ვალდებულებები უნდა იკისრონ. სასურველია, მივიდეთ ბოლომდე და მივიღოთ იურიდიულად დაბალანსებული სრულფასოვანი პაკეტი, რათა არავინ გავაღიზიანოთ".
უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ რუსულ მოთხოვნაზე საუბრისას კი პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ «მიმდინარეობს სტანდარტული განხილვა იმისა, როგორ მოახდენს სამომავლოდ უკრაინა საკუთარი უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის - საკუთარი შეიარაღებული ძალებით»: «ეს აბსოლუტურად პროუკრაინული საკითხია. ჩვენ გვსურს, გვყავდეს სრულფასოვანი კარგი ჯარი, რომელსაც ექნება დაცვითი, თავდაცვითი პოტენციალი. ყველამ დავინახეთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს აუცილებელია. და უნდა გვქონდეს პოლიტიკურ-სამხედრო გარანტიები იმისა, რომ არ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა დიდი კრიზისების პირისპირ მარტოს მოგვიწევს ყოფნა. მხედველობაში მაქვს ომთან დაკავშირებული კრიზისები. ყველაფერი, რაც ეხება ისეთ ფორმულირებებს, როგორიცაა დემილიტარიზაცია, სიბეცედ ჟღერს. რეალურად, მოლაპარაკებების შედეგად გვექნება გაცილებით უფრო ადექვატური ფორმულირებები».
საბოლოო დოკუმენტს, პოდოლიაკის აზრით, პრეზიდენტები პუტინი და ზელენსკი მოაწერენ ხელს. «ყველა ხედავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა ყველა ჩვენს თავდაცვით ინიციატივაზე, საომარ პერიოდში ქვეყნის მართვაზე და არსობრივად, ჩამოაყალიბა სრულფასოვანი სამხედრო კაბინეტი, რომელიც ძალზე ეფექტურია და ფაქტობრივად სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს. და დიახ, უდავოდ, პრეზიდენტი ზელენსკი მოითხოვს ორმხრივ მოლაპარაკებებს რუსეთის ლიდერთან, რათა მათ საბოლოოდ შეათანხმონ ურთიერთკომპრომისები - მაგრამ უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით, რადგან აქ უკრაინაა უფრო მეტად დაზარალებული მხარე. ხელს, ჩემი აზრით, სწორედ პრეზიდენტები მოაწერენ»,— ამბობს პოდოლიაკი.
ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდეს მესამე მხარეების მონაწილეობაც, თუმცა ამაში "პრობლემას ვერ ხედავს": «ეს ხომ რაღაც მცირე ლოკალური კონფლიქტი არაა, იმაში, რაც ხდება, პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია არაერთი სხვა ქვეყანაც. ისინი მონაწილეობენ, როგორც შუამავლები - ფორმალური, არაფორმალური, აქტიურად იღებენ სასანქციო პაკეტებს, უკვე უწევენ უკრაინას პირდაპირ თუ ირიბ დახმარებას, მუდმივად კონსულტაციები აქვთ ერთმანეთში. ქვეყნები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე გასვლის პრობლემას მოაგვარებენ, უკვე ჩაბმულები არიან ასივე პროცენტით ამ პრობლემაში. ამდენად, აღარ გვიდგას მათი დამატებით ჩაბმისა და საქმის კურსში შეყვანის საჭიროება - შეუძლიათ, მოლაპარაკებათა მაგიდას ნებისმიერ მომენტში მიუსხდნენ და მაშინვე ჩაებან შემაჯამებელ ეტაპში, წინასწარი შემაჯამებელი დოკუმენტის ხელმოწერაში. მე ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ".
პრობლემას პოდოლიაკი სხვა რამეში ხედავს - უკრაინა-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებში: "რთული იქნება არა ამ ყალბი, ხელოვნური, მედიური სიძულვილის აღმოფხვრა, არამედ გაუცხოების დაძლევა, რომელიც ვფიქრობ, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება".
********
იმაზე, რომ მოლაპარაკებათა პროცესში გარკვეული ძვრებია, 12 მარტს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დელეგაციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებთან ვიდეოფორმატში მოლაპარაკებების წარმოება დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ "დაიწყო რაღაცაზე საუბარი ულტიმატუმების უწინდელი სროლის ნაცვლად".
«უკრაინელების ჯგუფი და რუსების წარმომადგენლები ამა თუ იმ საკითხებს განიხილავენ, დაიწყეს რაღაცაზე საუბარი და არა ულტიმატუმების სროლა»,— განაცხადა ზელენსკიმ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ შესაძლებლად მიაჩნია რუსეთის ლიდერთან შეხვედრის გამართვა ისრაელში.
თავდაპირველად კი ინფორმაცია ბოლო დღეებში მხარეებს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკებების სერიის გამართვის შესახებ კრემლის საიტზე გაჩნდა. ამის შესახებ ევროპელ ლიდერებს ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცს პრეზიდენტმა პუტინმაც აცნობა სატელეფონო საუბრისას. როგორც კრემლში ამ სამმხრივ საუბართან დაკავშირებით ირწმუნებიან, «სამი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთის ცნობილი მოთხოვნების ირგვლივ მისაღწევი შეთანხმებების შემუშავებას უკავშირდება».
ცნობისთვის: უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებათა პირველი სამი რაუნდი ბელარუსში პირისპირ ფორმატში 28 თებერვალს, 3 და 7 მარტს გაიმართა.