
6 სექტემბრის გვიან საღამოდან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
06/09/2019 20:22:38 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს იუწყება, რომ 6 სექტემბრის გვიან საღამოდან 7 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები უკვე შექმნა ბათუმში: დაიტბორა ცალკეული ქუჩები. საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დაფიქსირებულია 18-მდე შეტყობინება, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
წყალდიდობის გამო შეფერხება ფიქსირდება გზის საავტომობილო მონაკვეთებზეც. კერძოდ, მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის, დიმიტრი თავდადებულის, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.