
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
30/08/2019 08:21:15 სხვა, სამართალი
თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ბავშვის დაჭრისთვის დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია არ ეთანხმებოდა. ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.
ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს. როგორც ალექსი გაბუნიამ აღნიშნა, ბრალდებული წარსულში ფსიქიკური პრევენციის ცენტრის პაციენტი იყო.
წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.
შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.