
აფხაზეთი: რეალური და ვირტუალური საფრთხეები
09/02/2022 19:15:26 კონფლიქტები
"იმპერია ბრუნდება: სსრკ-ის გრძელი ჩრდილი", "რუსეთი ომისშემდგომი მსოფლიო რუქის გადაკეთებას ცდილობს", "უკრაინა პუტინის გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილია", “პუტინი აიღებს ყველაფერს, რაც ცუდად დევს”, - მსოფლიო მედიის მსგავსი სათაურების გათვალისწინებით, ვლადიმირ პუტინის რეალური გეგმები დიდწილად ამ დრომდე გამოცანად რჩება. არაერთი დამკვირვებელი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან კუნთების დემონსტრირება მხოლოდ თამაშია გარკვეული დათმობების მისაღწევად, უპირველესად – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, რომლის ზოგიერთი პირველი ნაბიჯი (ავღანეთიდან ჯარის ნაჩქარევი გაყვანა, გასულ ზაფხულს ბაიდენის ადმინისტრაციის დათანხმება აშშ-რუსეთის სამიტის გამართვაზე უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მსგავსი კონცენტრაციის პირობებში) კრემლში შესაძლოა, გარკვეულ სისუსტედ აღექვათ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის მიზანი ევროპიდან აშშ-ის განდევნა, ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლა და იმპერიის აღდგენაა. სხვანი კი ფიქრობენ, რომ მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაა რუსეთის მოსახლეობაში იმ განცდის ჩამოყალიბებით, რომ პუტინი მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, ამავდროულად კი – მეზობლების დაშინებაც. ძალის დემონსტრირება და გარშემომყოფთა დაზაფრვა ხომ რუსეთს სამწუხაროდ, ტრადიციად ექცა.
ყველა შემთხვევაში, მოსკოვისგან პოზიტივს ჭკუათმყოფელი არავინ ელის – არც მსოფლიოში, არც უახლოეს სამეზობლოში. ამასთან, მრავალი ანალიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ საბოლოოდ კრემლის ეს თამაში რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგებით დასრულდება, მაგრამ მანამდე “გველეშაპმა სიკვდილისწინა აგონიაში კუდის ქნევით შესაძლოა, მეზობლებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება მოასწროს”. ამასთან დაკავშირებით დამკვირვებლები აღნიშნავენ რუსეთის შემდეგ თავისებურებასაც, რომელიც მსოფლიოს უკვე არაერთ წერტილში გამოვლინდა: მოსკოვს სამოქმედოდ რეალური მიზეზები არ სჭირდება, საჭიროების შემთხვევაში საბაბს თავად “პოულობს”, ხოლო ის, რომ კრემლის მიერ გამოგონილი შემდგომი გამართლებები ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, მას უხერხულობას სულაც არ უქმნის.
ამ მიდგომას დემონსტრირებს მოსკოვი ახლაც – უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში: პუტინი კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კიევი და დასავლეთი “რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრებიან”, არადა, კიევი კი არ ახდენს რუსეთის საზღვრებთან ძალთა კონცენტრირებას, არამედ პირიქით – რუსეთს ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან შეჭრისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების უკვე 70%; პუტინი ყურით მოთრეულ იმ რაკეტების პრობლემაზე მიუთითებს, რომელთა განთავსებას იქ არავინ გეგმავდა; უკრაინისგან ან დასავლეთისგან კი არ მომდინარეობს გაუთავებელი კიბერშეტევები, შავ ზღვაში სამხედრო ძალების პირდაპირი ზრდა და არაერთი სხვა აგრესიული ქმედება, არამედ სწორედ რუსეთისგან, მაშინ, როცა დასავლეთი მის პროვოკაციულ ქმედებებს ამ დრომდე მხოლოდ შემაკავებელი სანქციებით, თავდაცვითუნარიანობის ზრდითა და დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობებით პასუხობს.
ანალოგიურ მიდგომას იყენებს მოსკოვი თბილისის მიმართ: მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება პირველივე დღიდან ატარებს “მოსკოვის არგაღიზიანების” ოფიციალურად დეკლარირებულ პოლიტიკას და ახლაც – უკრაინის კრიზისის ფონზე ფრთხილ თავდაცვით პოზიციას იკავებს (უკრაინის მხარდამჭერ ამასწინანდელ საპარლამენტო რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებიც კი არაა), მოსკოვი საბაბის ძებნას განაგრძობს და ანტიქართულ პროპაგანდას აძლიერებს.
ამ მიზნით გამოიყენება, მათ შორის, სრულიად დეზინფორმაციული ნარატივი “სოხუმისა და ცხინვალის მიმართ რევანშის მიზნით საქართველოს უპრეცედენტო მილიტარიზაციის” შესახებ. “უპრეცედენტო მილიტარიზაციის მიზანი დასავლეთის დახმარებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი “დაბრუნებაა”; “საქართველო დასავლეთს რუსეთთან საკონფლიქტო პოტენციალის გამომუშავებისთვის და ნატო-ს ძალების სავარაუდო გაშლისათვის სივრცედ სჭირდება”; “აფხაზ და ოს ხალხებს დამატებით საფრთხეს საქართველოში პენტაგონის მრავაწლიანი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა უქმნის” – წერს, მაგალითად, კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდის ცნობილი გამტარებელი “სპუტნიკი”.
ამავდროულად კრემლის პროპაგანდისტები ცდილობენ, დაარწმუნონ აფხაზი მკითხველი, რომ მათი ერთადერთი “ხსნა” რუსეთია და აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროები, რომლებმაც გაუთავებელი დაუსჯელი თვითნებობით უკვე დიდი ხანია, მოსახლეობის თვალში თვითდისკრედიტირება მოახდინეს, იქ მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებში დგანან: “რუსეთი განუხრელად ერთგული რჩება მოკავშირეების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების. აფხაზეთის გარე საზღვრების გამაგრება ხორციელდება დასავლეთისა და მას დაქვემდებარებული საქართველოს მრავალწლიანი მცდელობების ფონზე, აფხაზ ხალხს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა წაართვან. მაგრამ რუსეთის სასაზღვრო ქვედანაყოფებს, გაერთიანებულ საჯარისო შენაერთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ გარე სამხედრო აგრესიის პრევენცია-ნეიტრალიზებისთვის, რაც ისტორიის გამეორებას გამორიცხავს”.
რომელიმე აფხაზ მკითხველს შესაძლოა, დაეჯერებინა კიდეც სადეზინფორმაციო ბოდვა “საქართველოსა და დასავლეთის სწრაფვაზე, აფხაზ ხალხს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა წაართვან”. მაგრამ გაუგებარია, როგორ ეწერება მასში “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების” შესახებ მოსკოვის დირექტოვების 45-პუნქტიანი გეგმა, რომლის რეალიზებას სოხუმს თავს არა თბილისი ან დასავლეთი, არამედ სწორედ რუსეთი ახვევს, ისევე, როგორც “სტრატეგიული მეგობრის” არაერთი სხვა ქმედება, რომელიც აშკარად არაა მიმართული აფხაზეთის “დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის” განმტკიცებაზე.
ვერაფრით ეწერება ამ სურათში მოსკოვიდან უკვე არაერთგზის გაჟღერებული განცხადებებიც აფხაზეთის (ასევე ცხინვალის რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების) “რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს” შემადგენლობაში (ან, თუ რუსეთის “გაფართოების” შესახებ “კრემლის რუხი კარდინალის” - ვლადისლავ სურკოვის ამასწინანდელ განცხადებას გავითვალისწინებით - პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში) შეყვანის “აუცილებლობის” თაობაზე.
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მიღების საკანონმდებლო ინიციატივას რუსი პარლამენტარები უკვე განიხილავენ. ცხინვალის რეჟიმი ბოლო წლებში პუტინის იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებად საკუთარი “სუვერენიტეტის” დათმობის მზაობას რეგულარულად დემონსტრირებს. ბოლო თვეებში კრემლის პრესინგმა აშკარად “გატეხა” სოხუმის ხელისუფლებაც, რომელიც გარკვეული დროიდან “რუსეთისთვის სუვერენიტეტის განაწილების” შესახებ ალაპარაკდა. მაგრამ აი, აფხაზური საზოგადოების უმეტესი ნაწილი პუტინის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისკენ ამ დრომდე არ იღწვის და ამით საგრძნობლად აღიზიანებს მოსკოვს. ამიტომაა, რომ კრემლი თბილისისა და დასავლეთის მხრიდან ვითომდა მომდინარე საფრთხეების პროპაგანდირებით აფხაზური საზოგადოების დეზორიენტირებას ცდილობს, პარალელურად კი აშინებს საკუთარი ძალის დემონსტრირებით – სოხუმის ცენტრში “ანტიტერორისტული” წვრთნების ჩატარებითა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აფხაზეთში “ყაზახური სცენარის” გათამაშებაზე მკაფიო მინიშნებებით .
ასე, რომ რასაც არ უნდა ღაღადებდეს კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდა, ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. ფაქტები კი, თანაც უკვე საკმარისი რაოდენობით, იმაზე მეტყველებს, რომ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ მოსკოვის დიდი ხნის ანექსიური გეგმა განხორციელების ფინალურ სტადიაშია.
დამკვირვებელთა ნაწილი შიშობს, რომ ამაში დამატებითი როლი შესაძლოა, უკრაინის ამჟამინდელმა კრიზისმაც ითამაშოს. კერძოდ, მოსკოვის მიერ “გაფართოების” გეგმის დეკლარირების გათვალისწინებით, თუკი პუტინი უკრაინასთან მიმართებაში საწადელს ვერ მიაღწევს, მან შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია “სახის შესანარჩუნებლად” დააჩქაროს.
ასეა თუ ისე, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და იქცევა თუ არა ამ სავალალო პერსპექტივისთვის ტრიგერად უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ამბები, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
ეკა ცანავა