Accentnews.ge
ხანგოშვილი დაკრძალეს, კითხვები დარჩა

ხანგოშვილი დაკრძალეს, კითხვები დარჩა

29/08/2019 18:02:20 სხვა, სამართალი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს ზელიმხან ხანგოშვილი დაკრძალეს. ბერლინში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილე, იჩქერიის ექს-პრეზიდენტ მასხადოვის  ნდობით აღჭურვილი ქისტი ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში ელოდა პოლიტიკურ თავშესაფარს.

ადგილობრივი აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი  დარწმუნებულია, რომ ზელიმხანი ჩეჩენი ხალხის დამოუკიდებლობის იდეისთვის ბრძოლას ემსხვერპლა:

«ზელიმხანი ძალიან კეთილი ადამიანი იყო, მე სწორედ ასეთი  ჩამრჩება მეხსიერებაში. იყო საოცრად მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე ქმარი და მამა. მაგრამ ადამიანები,  რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და ცხოვრობდნენ ამ იდეით, რუსეთისთვის, რუსული სპეცსამსახურებისთვის სამიზნედ იქცნენ. მათ შორის აღმოჩნდა ზელიმხანიც».

დაკრძალვას დაესწრო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ქისტი ახალგაზრდას მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც , რომელიც ხელისუფლებას 2015 წელს  თბილისში ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს. სწორედ ეს გახდა, მისი აზრით, მიზეზი იმისა, რომ ხანგოშვილი იძულებული გახდა, უცხოეთში ეძებნა თავშესაფარი:

«მოქმედ ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ, რატომ არ გამოიძია და, ასე ვთქვათ, დააკონსერვა ეს საქმე. სრული იგნორირება მოახდინეს ამ ადამიანის მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულისა. მხოლოდ მოქმედ ხელისუფლებას აქვს პასუხი ამ კითხვებზე. პირადად მე, ჩვენ ყველას ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდები შეიძლება, გვქონდეს, პასუხი კი ხელისუფლებამ იცის. რატომ არ დააკავეს ზელიმხანზე  თავდასხმაში დამნაშავეები, როცა ეს ყველაფერი ვიდეოკამერების წინ იყო მომხდარი – 6 თუ 7 კამერა იყო! ისე უყვარდა თავისი ქვეყანა, არასოდეს დატოვებდა, მაგრამ იძულებული გახადეს, თავშესაფარი ეძებნა».

იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა, ადასტურებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მოიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძეც :

«თითქმის ოთხი წელი გავიდა, თუმცა ამ საქმის გამოძიებაში რაიმე ხელშესახები შედეგი ამ დრომდე არ ყოფილა. თანაც, საქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გასაიდუმლოებულია. მაგალითად, არ განსაჯაროებულა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენს პროკურატურას არაერთი საქმის გამოძიების კუთხით ეფექტურობის პრობლემა აქვს, მაგრამ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის საქმეში ჩვენ უბრალოდ სრულ გულგრილობას შევეჩეხეთ».

როგორც ევროპული მედია აღნიშნავს, ბერლინური მკვლელობის დემონსტრაციული ხასიათი (საჯარო სივრცეში, დღისით და თვითმხილველების თვალწინ) ამ დანაშაულს 2009 წლის იანვარში ვენაში უმარ ისრაილოვის (ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელასმულ ლიდერ რამზან კადიროვის ყოფილი მცველის)  ჩაცხრილვის გახმაურებულ ფაქტს ამსგავსებს. მაშინ უშიშროების ორგანოებმა ოთხი ეჭვმიტანილიდან სამის დაკავება მოახერხეს და შემდგომში მათ პატიმრობის ხანგრძლივი ვადები მიესაჯათ. ავსტრიის პროკურატურა ცდილობდა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა და პირადად რამზან კადიროვი დაეკითხა, თუმცა უშედეგოდ.

ზელიმხანის ოჯახის ახლობელი – ნონა ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების ნამოქმედარია:

«ეს იმას უკავშირდება, რომ ბოლომდე არ ყოფილა გამოძიებული  ის, რაც საქართველოში მოხდა. ადვოკატებთან ერთად არაერთგზის ვცადეთ, გამოძიების მასალებს გავცნობოდით, თუმცა ყოველ ჯერზე ათას მიზეზს პოულობდნენ,რომ ჩვენთვის ამის შესაძლებლობა არ მოეცათ. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება, ვინაიდან ზელიმხანი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე გახლდათ, საველე მეთაური, პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ნდობით აღჭურვილი პირი. რაც შეეხება ლაფანყურის 2012წლის სპეცოპერაციას, მას იმ მოვლენებში არანაირი ბრალი არ მიუძღოდა, მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ეს ყველამ ვიცით, ყველამ, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ჭეშმარიტება უკვე შეიტყო. ასე, რომ ეჭვი რუსულ სპეცსამსახურებზე გვაქვს».

ცხელ კვაზე დაკავებული ციმბირელი, ვინმე «ვადიმ სერგეევიჩი», როგორც მას გერმანული მედია მოიხსენიებს, ბრალს არ აღიარებს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.

მკვლელობის დაკვეთილობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გამოძიების მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება გერმანიის გენერალური პროკურატურა: როგორც წესი, ფედერალური ორგანოები საქმეში იმ შემთხვევებში ერთვებიან, როცა არსებობს ეჭვი მათში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მონაწილეობის თაობაზე.

ბერლინში ჩეჩნური სათვისტომო კი უკიდურესად შეშფოთებულია ზელიმხან ხანგოშვილის გარდაცვალებით, მათ შორის - იმის გამოც, რომ არსებული ინფორმაციით, იგი ფიგურირებდა “დასახვრეტი ჩეჩნების სიაში”, რომელიც თავის დროზე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ბეჭდურმა ორგანომ - «Чечен-Пресс»-მა გამოაქვეყნა. მართალია, გვარი “ხანგოშვილი” სიაში არ არის, მაგრამ ფიგურირებს “პანკისის ხეობის მკვიდრი ქავთარაშვილი”, ქავთარაშვილი კი ზელიმხანის დედის გვარი გახლავთ და უცხოეთის პასპორტში იგი სწორედ ამ გვარით იყო რეგისტრირებული.

საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ დუმილს ინარჩუნებს, მხოლოდ იმას ამბობს,რომ გამოძიების მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდება. გადაეცემათ თუ არა გერმანელ კოლეგებს მოთხოვნის შემთხვევაში 2015 წლის თავდასხმის საქმის დეტალები, ასევე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S