
პრეზიდენტი – პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე: "რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით"
29/08/2019 17:17:16 სხვა, სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს პარიზიდან ეხმიანება და აცხადებს რომ "უფრო დეტალურ კომენტარს" თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.
"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა, ვთქვა, რომ ვწუხვარ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება დღეს ევროპის შუაგულში, აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობები არის მაჩვენებელი იმის, რომ ნაცვლად იმისა, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ რა არის პასუხი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი 22 წლის ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს