
რას საქმიანობენ აფხაზეთში რუსი სამხედროები, რომლებიც იქ თურმე, არ არიან
08/02/2022 00:39:56 კონფლიქტები
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც რუსი სამხედროები არ არიან, მაგრამ ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები" – განაცხადა 2 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის “ინიციატივებზე” აშშ-ისა და ნატო-ს პასუხის, კერძოდ უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის მოთხოვნის კომენტირებისას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადებით რუსეთის სენატორმა ბევრი გააოცა, მათ შორის – სოხუმშიც. თუკი მას მართლაც ის ჰქონდა მხედველობაში, რაც ბრძანა, ჯაბაროვს ჰმართებს, სამომავლოდ მაინც იქონიოს მხედველობაში, რომ 2009 წლიდან აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 გაერთიანებული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, სამხრეთ ოსეთში - მე-4, თითოეული კონტინგენტის რიცხოვნობა დაახლოებით 4000-ს შეადგენს და სწორედ ფედერაციის საბჭომ მოახდინა 2011 წელს “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ” იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ამ რესპუბლიკებში მათ 49-წლიან ყოფნას განსაზღვრავს 15-15-წლიანი პერიოდებით ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მეტიც, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის გათვითცნობიერებულ წევრს ჰმართებს, იცოდეს ისიც, რომ რუსი სამხედროები არა მარტო იმყოფებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ ბატონ-პატრონებივითაც იქცევიან. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ძირითადი კანონი – უზენაესი ნორმატიული აქტი მის მოქალაქეებს სხვა უფლებებთან ერთად შეუზღუდავი გადაადგილების თავისუფლებასაც ანიჭებს, რეალობაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება.
რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის მოქალაქეები პირველად წააწყდნენ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში შესვლის აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლებას მათ სწორედ რუსი სამხედროები უზღუდავენ. ამასთან, საუბარია არა რაიმე სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ჩვეულებრივ სოფლებზე, ადგილობრივთა საცხოვრებელ სახლებზე, რომლისკენაც გზას რუსეთის სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეები უღობავენ.
იყო, მაგალითად, დრო, როცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კოდორის ხეობაში შესვლას მხოლოდ აფხაზური სპეცსამსახურების წარმომადენლები აკონტროლებდნენ. შესასვლელში განთავსებული იყო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც ყოველწლიურად მოდერნიზდებოდა და ორიოდ წელიწადში სრულფასოვან ბლოკ-საუშაგოდ გადაიქცა. ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ნებართვით იყო შესაძლებელი, რომელიც ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ შემსვლელ მოქალაქეზე საშვს გასცემდა. თუმცა გარკვეული დროიდან იქ რუსი სამხედროები დადგნენ და ხეობაში მოხვედრა უკიდურესად გართულდა, რიგითი მოქალაქისთვის კი შეუძლებლად იქცა. დიახ, საშვს კვლავინდებურად აფხაზური უშიშროების სამსახური გასცემს, მაგრამ შემოწმებას უკვე რუსები აწარმოებენ და სწორედ ისინი წყვეტენ, ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა კოდორის ნაკრძალში მოხვედრა.
ანალოგიური ვითარებაა გალის რაიონში. იმ სხვაობით, რომ იქაური ბლოკ-საგუშაგოები მიტოვებულ გაჩერებებს ჰგავს, საიდანაც მოულოდნელად ჩნდებიან სამხედროფორმიანი შეიარაღებული ადამიანები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ითხოვენ მგზავრებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან პასპორტებს და თუ რომელიმეს საბუთი თან არ აღმოაჩნდა, გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ამასთანავე, ისინი გულდასმით ამოწმებენ სატრანსპორტო საშუალებებს, ბარგს, ხელჩანთებსა და პირად ნივთებსაც კი. იმის დადგენას, თუ რა უფლებით სჩადიან ისინი ამას, ვერ მოახერხებთ, ხოლო თუ კითხვებს განსაკუთრებული დაჟინებით დასვამთ, გაგკოჭავენ და წაგიყვანენ გაურკვეველი მიმართულებით. ამიტომაა, რომ ადამიანები რუსი სამხედროების თვითნებობის საკითხზე, როგორც წესი, დუმან – პრობლემების ეშინიათ.
მსგავსი ვითარებაა აფხაზეთის არაერთ სხვა რაიონშიც, სადაც რუსი სამხედროები აფხაზური მიწების ბატონ-პატრონებივით იქცევიან. მათ წინააღმდეგ ვერას გახდებით, ხოლო თუ გაბედავთ და საქმეში გავლენიან პირებსა თუ ორგანიზაციებს ჩართავთ, ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად გაგიშვებენ, მაგრამ მხოლოდ ცოტახნით: რუსული ФСБ-ს დაჟინებული მეთვალყურეობით აფხაზეთის ნებისმიერ წერტილში აღმოჩნდებით.
«როცა პირველად გადავაწყდი რუს სამხედროებს, რომლებიც საბუთებს გვთხოვდნენ, ცოტა არ იყოს, გავოგნდი. დასთან მივდიოდი - აფხაზეთის მოქალაქე აფხაზეთისვე ტერიტორიაზე, ისინი კი მაჩერებენ, როგორც ვიღაც დამნაშავეს!», - აღშფოთებული გვიყვება ჩვენი რესპონდენტი აინარი. მამაკაცის მიერ მსგავსი ქმედებების უკანონობის შესახებ მოყვანილმა არგუმენტებმა ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. «იმის გამო, რომ თან პასპორტი არ მქონდა, სამხედროებმა უკან – გაგრაში გამაბრუნეს. ვინ მისცათ უფლება, გადამიწყვიტონ, როდის და სად ვიარო ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე?! ახლა რა, უპასპორტოდ სახლიდან ცხვირს ვეღარ გავყოფთ? რაშია საქმე, სამხედრო მდგომარეობა გვაქვს, თუ რა ხდება?!», - ამბობს აინარი.
ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი – სარია კიდევ უარეს დღეში აღმოჩნდა. წებელდის მიდამოებში რუს სამხედროებთან შეხვედრას ის დღემდე ღამის კოშმარივით იხსენებს. ქალმა 10 საათი გაატარა ახლომდებარე რუსულ ბაზაზე, ერთ-ერთ საკანში, სადაც ის თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს. “სოხუმის ბაზარში წავედი საყიდლებზე, პასპორტის წაღება დამავიწყდა, დაბრუნებისას კი რუსებს გადავაწყდი. სამხედროებმა ტერიტორიის დატოვება მომთხოვეს – აქაოდა, უპასპორტოდ სახლისკენ ვერ გაგიშვებთო. შევთავაზე, ჩანთებს დაგიტოვებთ, მივირბენ, პასპორტს წამოვიღებ და მოგიტანთ-მეთქი, მაგრამ არაო. ხოლო მას შემდეგ, რაც ტერიტორიის დატოვებაზე უარი განვაცხადე, გამკოჭეს, მიწაზე დამაგორეს, თავზე რაღაც ტომარა ჩამომაცვეს და მანქანაში ჩამაგდეს. ტომარა მომხსნეს ოთახში, რომელშიც მხოლოდ მაგიდა და სკამი იდგა, კუთხეში კი - სათლი. იმ ოთახში 10 საათზე მეტი გავატარე, რის შემდეგაც ისევ ტომარაჩამოცმული წებელდაში დამაბრუნეს. როცა მიშვებდნენ, გამაფრთხილეს, “უპასპორტოდ აღარ გამოგიჭიროთ – შემდეგ ჯერზე ასე ადვილად ვეღარ გამოძვრებიო” – ყვება სარია.
თუ განაპირა სოფლებში ხალხს გაესაუბრებით, უამრავ მსგავს ისტორიას მოისმენთ. თუმცა დაზარალებულები ოფიციალურად არავის მიმართავენ – თვლიან, რომ აზრი არ აქვს. “აფხაზეთის ხელისუფლება ვერაფერს იზამს, რადგან სოფლების უმრავლესობა რუსი სამხედროებისთვის ხარკადაა გადაცემული და ისინიც ადგილობრივებს საკუთარ პირობებს უწესებენ. ისინი არიან აქ მეპატრონეები და ჩვენს გამო მათთან ურთიერთობებს არავინ დაიძაბავს. ვართ ასე, ვცდილობთ, რუსებს ზედმეტად არ მოვხვდეთ თვალში. ვინ იცის, კიდევ რა მოუვათ თავში? შემდეგ ჯერზე შესაძლოა, პასპორტის ნაცვლად რაიმე სხვა დოკუმენტი მოითხოვონ და თუ არ აღმოგვაჩნდება, მშვიდობით, სახლო, ოჯახო, ნათესავებო», - ამბობს სარია.
ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრის – ემზარის თქმით, ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ “რუსეთმა შეიძლება, ნებისმიერ დროს მიმართოს თავისი ჯარი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ”. «ისინი აქ ათასობით არიან. გააჩნიათ უფლება, იარაღი გამოიყენონ და ამისთვის პასუხს არავინ აგებინებთ. ერთი ბრძანება მოსკოვიდან – და ყველას სახლებში გამოგვამწყვდევენ», - დარწმუნებულია ახალგაზრდა.
აფხაზეთის კონსტიტუციაში, რომელსაც მის ტერიტორიაზე უზენაესი იურიდიული ძალა აქვს, კვლავინდებურადაა გამყარებული მოქალაქეთა ყველა უფლება და თავისუფლება, მაგრამ რეალობაში, რუს სამხედროებს მეტი ძალა აქვთ, ვიდრე ძირითად კანონს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ არა მარტო აფხაზეთის მოქალაქეები, არამედ რუსეთისაც – მის მიერ ჩვენთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიუხედავად. ჩვენი ხელმძღვანელობის წაყრუებით რუსი სამხედროები დაუსჯელ თვითნებობას აგრძელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლებლობების ფარგლებში ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი ძალები ცხადია, არასაკმარისია აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედროების უმსგავსობის აღსაკვეთად.
იქნებ სენატორი ჯაბაროვი დაინტერესდეს ამ პრობლემით – თუ, რა თქმა უნდა, ამაშიც არ შეცდა და რუსეთში ჯერ კიდევ რეალურად თვლიან აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ასტანდა ბგანბა
__________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება