Accentnews.ge
აშშ პოლონეთსა და რუმინეთში 3 ათას ჯარისკაცს გზავნის

აშშ პოლონეთსა და რუმინეთში 3 ათას ჯარისკაცს გზავნის

02/02/2022 15:40:41 ევროპა

აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უახლოეს მომავალში 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო,– იუწყება CNN აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ინფორმაცია დაადასტურა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა განკარგულება გასცა, აშშ-იდან ევროპაში გაიგზავნოს 2 ათასი სამხედრო, რომლებიც პოლონეთში განთავსდებიან. ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება რუმინეთში, მაგრამ არა აშშ-იდან, არამედ გერმანიიდან.

მანამდე აშშ-მა 8500 სამხედრო მოსამსახურე მოიყვანა სრულ მზადყოფნაში ევროპაში გასაგზავნად.

გასულ კვირაში ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში „უახლოეს მომავალში“ გაიგზავნებიან და დასძინა, რომ საქმე ეხება მცირერიცხოვან ჯარს.

ასევე არსებობს ცნობები, რომ ახლო მომავალში დიდი ბრიტანეთი გაგზავნის დამატებით ჯარებს პოლონეთსა და ესტონეთში.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ მოქმედებებს მოჰყვება სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის გაზრდა ნატოს წევრ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობენ. თავად უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ნოემბრის ბოლოდან დიდძალ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და ეტაპობრივად გაზარდა მათი რაოდენობა. დასავლეთში შიშობენ, რომ კრემლი უკრაინაზე მორიგ სამხედრო აგრესიას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S