
ავთანდილ წერეთელს გირაო შეეფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა
27/08/2019 13:17:46 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა მას არ გააჩნია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.