
სასამართლომ პოროშენკო არ დააპატიმრა
19/01/2022 12:31:53 ევროპა
კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობით.
პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები. საპროტესტო აქციაზე პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ორიოდ დღის წინ დაბრუნდა კიევში და წარსდგა სასამართლოს წინაშე, ბრალდებებს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.