რა ხდება უკრაინა–რუსეთის საზღვარზე და რა ხედვები აქვთ მოსკოვს, კიევს, ნატო–სა და აშშ–ს
04/01/2022 10:39:17 მსოფლიო
სადღეისოდ მოსკოვსა და კიევს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრა იწვევს შიშს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში უახლოეს თვეებში შეიჭრას. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.
თავის მხრივ, დასავლეთმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგების თაობაზე უკვე არაერთხელ გააფრთხილა.
რა ვითარებაა ამჟამად რუსეთ–უკრაინის საზღვარზე
![]()
ფოტო: AP, უკრაინელი ჯარისკაცი. დონეცკის რეგიონი, ე.წ. გამყოფი ზოლი.
შეერთებულმა შტატებმა და ნატო–მ უკრაინაში და მის გარშემო რუსული ჯარების გადაადგილებასა და თავმოყრას "უჩვეულო" უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნატო–მ და ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრის შესაძლო შედეგების თაობაზე უკვე არაერთხელ გააფრთხილეს, აშშ–ისა და ნატო–ს ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი ამ დრომდე რჩება.
აშშ–ის დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო შეტევა 2022 წლის დასაწყისში დაიწყოს.
2021 წლის ბოლოს გავრცელებულმა სატელიტურმა ფოტოებმა რუსული ძალების თავმოყრა ცხადყო. ფოტოებზე ასახული იყო საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300კმ–ის დაშორებით მანევრირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბევრი სამხედრო ბაზა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, რომლის ნაწილი სწორედ უკრაინას ესაზღვრება. გარდა ამისა, 2014 წლიდან უკრაინის დონბასის რეგიონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არის. ამ ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან რუსული ძალები, თუმცა კრემლი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ფრონტის ხაზებზე მცირე მასშტაბის შეტაკებები და სნაიპერული თავდასხმები ხშირად ხდება. ცოტა ხნის წინ რუსეთი გაბრაზდა, როდესაც ისტორიაში პირველად, 2021 წლის ოქტომბერში უკრაინულმა ძალებმა პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ თურქული წარმოების საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2 გამოიყენეს.
გარდა ამისა, რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმში მდებარე საზღვაო ბაზაზე 10 000 სამხედრო ჰყავს განთავსებული. კრემლმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა. მოგვიანებით, მოსკოვმა ააშენა საავტომობილი ხიდი, რომლითაც ყირიმი რუსეთს უკავშირდება.
უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ისტორია
უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2013 წლის ბოლოს უკიდურესად გამწვავდა ევროკავშირთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო შეთანხმების გამო. მას შემდეგ, რაც უკრაინის იმჟამინდელმა პრორუსმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეაჩერა მოლაპარაკებები (გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ზეწოლის შემდეგ) კიევში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქციები. მოგვიანებით, პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა.
2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა იმ საბაბით, რომ "იცავდა რუსულენოვანი მოქალაქეების ინტერესებს".

ფოტო: Reuters, რუსი ჯარისკაცები პატრულირებენ უკრაინის სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიას პერევალნოეში, სიმფეროპოლთან, ყირიმი.
ყირიმის ანექსიიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში პრორუსმა სეპარატისტებმა კიევისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რამაც თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით კიევმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას მინსკში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა.
გაერო–ს მონაცემებით, 2014 წლის მარტიდან დღემდე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დააწესეს ეკონომიკური სანქციები, რომელთა სამიზნე კერძო და იურიდიული პირები, ასევე რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორებია.
თავის მხრივ, კრემლი უკრაინას ქვეყნის აღმოსავლეთში დაძაბულობის გაღვივებასა და მინსკის შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორია რუსეთის ხედვა
![]()
კრემლმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. მოსკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი არავის საფრთხეს არ უქმნის და რომ ჯარის გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე არავისთვის არ უნდა იყოს განგაშის საფუძველი.
მოსკოვი ნატო–ს მხრიდან უკრაინის მზარდ მხარდაჭერას (შეიარაღებისა და წვრთნის თვალსაზრისით) აღიქვამს, როგორც საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ამასთან, კრემლმა დაადანაშაულა უკრაინა დონბასის რეგიონის დაბრუნების მცდელობის მომზადებაში, რასაც უკრაინა უარყოფს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე და თქვა, რომ დასავლეთი არ ასრულებს სიტყვიერად გაცემულ დაპირებებს არგაფართოების შესახებ.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მიერ უკრაინაში სარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთისთვის „წითელ ხაზს“ გადაკვეთს.
გარდა ამისა, კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიერ იარაღითა და სამხედრო მრჩევლებით უკვე უზრუნველყოფილია.
"ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას სასაზღვრო ხაზზე“, - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი გააფრთხილა:
"თუ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არ შეცვლიან კურსს უკრაინაში, მოსკოვს აქვს უფლება აირჩიოს გზები თავისი უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად“.
30 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბრისას მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესებას "უსერიოზულესი შეცდომა" უწოდა.
"რუსულმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში ბაიდენის მიერ კვლავ ნახსენებ მასშტაბურ სანქციებს ამომწურავი პასუხი გასცა. პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ ეს იქნება უსერიოზულესი შეცდომა, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ფაქტობრივად, სრულად გაწყვეტით ემუქრება. პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი უნდა იყოს მყარი სამართლებრივი გარანტიები, რათა გამოირიცხოს აღმოსავლეთისკენ ნატო–ს წინსვლა და რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს შეიარაღების განთავსება", – აცხადებენ კრემლში.
როგორია უკრაინის ხედვა

უკრაინის მთავრობა მოსკოვის მიერ ნატო–ს არგაფართოებასთან დაკავშირებით წამოყენებულ მოთხოვნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი ვერ შეუშლის ხელს კიევს, დაამაყაროს ნატო–სთან მჭიდრო კავშირები.
„რუსეთი ვერ შეაჩერებს უკრაინას ნატო–სთან დაახლოებაში და არ აქვს უფლება, ჩაერთოს შესაბამის დისკუსიებში. რუსეთის ნებისმიერი წინადადება, ნატო–სთან ან შეერთებულ შტატებთან განიხილოს რაიმე ე.წ. გარანტიები, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ფლაგზე არ გაფართოვდება, არალეგიტიმურია“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში დესტაბილიზაციის განხორციელებას, რათა შემდგომ ქვეყანაში შეიჭრას.
ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამოაშკარავდა გადატრიალების თაობაზე შეთქმულება, რომელშიც უკრაინელები და რუსები მონაწილეობდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი გადატრიალება შესაძლოა, იყოს რუსეთის გეგმის ნაწილი უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინ.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკრაინის ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებამ კიდევ უფრო გაამწვავა.
ამავდროულად, ზელენსკის მთავრობა გამოწვევების წინაშე დგას ბევრი მიმართულებით. მთავრობის პოპულარობა სტაგნაციაშია ბევრი შიდა პოლიტიკური გამოწვევის ფონზე, მათ შორის სახელდება Covid-19–ის მესამე ტალღა და ეკონომიკური პრობლემები. ამასთან, ბევრი მოქალაქე უკმაყოფილოა, რომ მთავრობისგან დაპირებული სარგებელი ჯერ–ჯერობით არ მიუღია და რომ ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა კონფლიქტი ქვეყნის აღმოსავლეთში. აღსანიშნავია, რომ კიევში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
რას ამბობს ნატო

ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის მაღალი ფასი გადახდა მოუწევს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება".
„ჩვენ გვაქვს ვარიანტების ფართო სპექტრი: ეკონომიკური სანქციები, ფინანსური სანქციები, პოლიტიკური შეზღუდვები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, "მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში, ნატო–მ გაზარდა თავისი წარმოდგენილობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე შავი ზღვის რეგიონში“.
უკრაინა არ არის ნატო–ს წევრი და, შესაბამისად, არ აქვს იგივე უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ალიანსის წევრებს. თუმცა სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება უთხრას უკრაინას, რომ მას არ შეუძლია ნატო–ში გაწევრიანება.
რას ამბობს შეერთებული შტატები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას "მტკიცე პასუხი გაეცემა".
ბაიდენმა პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარისას ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცე პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო–ში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მოგვიანებით, ბაიდენმა იგივე (რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას "მტკიცე პასუხი გაეცემა") დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 2022 წლის იანვარში სატელეფონო საუბრისას.
სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ასევე გააფრთხილა რუსეთი, რომ „ნებისმიერ ახალ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება“.
2022 წლის 2 იანვარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფმა განაცხადა, რომ "რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაში შეიჭრება".
მისი თქმით, "მოსკოვის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ უმკაცრესი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი".
"ვფიქრობ, ჩვენმა მოკავშირეებმა სანქციების დაწესებას მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გვაქვს", – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
3 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებმა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრის საკითხი განიხილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბლინკენმა მათ ნატო–ს წესდების მე–5 მუხლისადმი აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა.
"სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებთან – "ბუქარესტის ცხრიანის" ჯგუფის (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ბლინკენმა და "ბუქარესტის ცხრიანის" საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის ზრდა უკრაინის საზღვართან, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის ნატო-ს ერთიანი და მტკიცე პოზიციის საჭიროება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთო შეშფოთების საგანია. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ერთგულება, განაგრძოს მჭიდრო კონსულტაციები და კოორდინაცია ყველა ტრანსატლანტიკურ მოკავშირესთან და პარტნიორთან, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ დეესკალაციაზე შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის გზით. ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატო-ს წესდების მე–5 მუხლისადმი", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
პენტაგონის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს უკრაინას უსაფრთხოების გასაძლიერებლად დაახლოებით, 450 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.
სხვა ფაქტორები

რუსუთისა და დასავლეთის ურთიერთობაში კიდევ ერთი დიდი პრობლემა ენერგომომარაგების საკითხს უკავშირდება. ანალიტიკოსებმა და ამერიკელმა კანონმდებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, კრემლის პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და შესაძლოა, მოსკოვმა ეკონომიკური პროექტი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით გარკვეულ ბერკეტადაც გამოიყენოს.
2021 წლის მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა დაეწესებინა სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი 2" -ის უკან მგარი კომპანიებისთვის, რითაც პროექტს ფაქტობრივად "მწვანე შუქი" აუნთო. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში იყო, რადგან ის ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენას ცდილობდა.
2021 წლის დელემბერში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისთვის მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების კონტექსტში "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ზეც მიანიშნა:
"თუ ვლადიმირ პუტინს სურს, დაინახოს გაზის გადინება ამ მილსადენში, მან არ უნდა გარისკოს უკრაინაში შეჭრა“.
დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიაღწიეს შეთანხმებას გერმანიასთან, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აღნიშნული მილსადენის პროექტი გაუქმდეს.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.


