
"უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–3 დოზა აუცილებელი იქნება, არ არის გამორიცხული, მე–4 დოზაც"
12/12/2021 10:55:10 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–3 დოზა აუცილებელი იქნება, არ არის გამორიცხული, მე–4 დოზაც".
იგი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობაზე.
„პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ 3–ჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოთ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მე–3 დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მე–4 დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ–ჯერობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის:
"ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაში ფიქსირდება. იგი საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არის, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გააკეთა ყველა ქვეყანამ, დაუბრუნდნენ წინანდელ რეკომენდაციებს. პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში აუცილებელია, დისტანცია, სანიტარული წესები, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება და რაც შეიძლება მეტი აცრა".