
"უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება, მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი, თავი ავარიდოთ ძალიან დიდ შეკრებებს"
11/12/2021 16:16:31 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
მისი თქმით, საქართველომ კრიტიკული პერიოდი გადაიარა, მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს:
"ნახტომისებური, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, გვაქვს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირება და სტაბილიზაციისკენ სვლა არის მაღალ ნიშნულზე. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც 3 500 ახალი შემთხვევა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. თუ რას უკავშირდება ეს – თანდათან, მაინც აცრების მაჩვენებელი იზრდება, თვითონ ვირუსს აქვს გარკვეული ციკლური მიმდინარეობა, ყველა შტამს; ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ; მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ციფრები მაინც მაღალია. ჩვენ ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი. ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არ ვიცავთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში, კვლავ ინიშნება დიდი შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, აცრების მაჩვენებელი მომატებულია დეკემბერში, 10 დან 11 000-მდეა ყოველდღიური, მაგრამ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სიკვდიალიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოვა 1 000-ს ქვემოთ.
მან მოსახლეობას უახლოესი დღესასწაულების ვაქცინირებული ადამიანების წრეში, რეგულაციების დაცვით აღნიშვნისკენ მოუწოდა.
„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – განუცხადა "საქართველოს პირველ არხს" ამირან გამყრელიძემ.