
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი: "ფსიქოტროპული მედიკამენტები სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა ასე მალე არ ხდება"
06/12/2021 12:39:28 საზოგადოება
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა ასე მალე არ ხდება.
„მიხეილ სააკაშვილთან გიორგობის შემდეგ არ ვყოფილვართ, ეს დეტალები, როგორც ჩანს, მერე გამოვლინდა. ვიდრე დააპატიმრებდნენ, იქამდეც ჰქონდა დანიშნული ეგ წამლები. იმ პრეპარატების უცებ შეწყვეტა არ ხდება. ამ წამლებს დიდი ხანი თუ იღებდა, თვეები, შეწყვეტაც თვეები უნდა გაგრძელდეს. მგონი იქ საუბარი მიდის, დოზა იყო თუ არა ადეკვატური. პრეპარატზე საუბარი არ მიდის. ჩვენ არ ვიცით, არ ვყოფილვართ და არ ჩავუყენებივართ საქმის კურსში ამ თვალსაზრისით. ამიტომაც წამოვაყენეთ ჩვენი დასკვნის დანართში, უფრო პროფესიონალურ დასკვნაში ფსიქოლოგიური დახმარების საკითხი. სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გიორგობის შემდეგ არ შევსულვარ და არ ვიცი ახლანდელი მდგომარეობა“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ცნობისთვის: ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ. მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.
"ანტიფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას", – აცხადებენ "ემპათიაში".