
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება ღამის კლუბები
06/12/2021 12:21:44 საზოგადოება
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ღამის კლუბების გახსნა საკოორდიანციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოხდება.
„შრომის ინსპექცია აქტიურადაა პანდემიის მართვის პროცესში ჩართული და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავებთ უსაფრთხოების პროტოკოლს, როგორ უნდა მოხდეს სექტორის მდგრადი აღდგენა. დღეს ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა, ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ „მწვანე პასპორტებთან“ ერთად დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნას დაწესებული კონკრეტულად ამ სექტორის მიმართ, ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრევენციას, რომ ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი. შეთანხმება არის მიღწეული, შეჯერებული საკითხებს განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ და უახლოეს პერიოდში საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შესაბამისად, მოხდება ამ სექტორის მდგრადი აღდგენა“, – განაცხადა ფერაძემ.
რაც შეეხება „მწვანე პასპორტებს“, ბექა ფერაძის თქმით, კვების ობიექტებზე მონიტორინგი გრძელდება.
„პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. შრომის ინსპექციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტი შეამოწმა სხვადასხვა უწყებებთან ერთად. ძირითადად ბიზნესი მზად შეხვდა ამ პროტოკოლს, არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებით შემოიფარგლებოდა წინა კვირაში, ვასწავლიდით და ვაძლევდით რეკომენდაციებს, როგორ უნდა დაინერგოს სწორად ეს პროცესი და მონიტორინგს განვაგრძობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ფერაძემ.