
"ღვინის ქარხანა გალერიაში“ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა
19/08/2019 07:15:15 სხვა, სამართალი
მოსამართლემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.
„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“, – განუცხადეს „აქცენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირაკლი ქუმსიშვილი ცემეს.