Accentnews.ge
რა შემთხვევაში ენიჭებათ „მწვანე სტატუსი“ უცხოელ ტურისტებს?

რა შემთხვევაში ენიჭებათ „მწვანე სტატუსი“ უცხოელ ტურისტებს?

06/12/2021 09:17:52 საზოგადოება

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროებში და განთავსების სხვა ობიექტებში, კვების ობიექტებში, რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებულ მსგავს ობიექტებში, ასევე - კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, ოპერაში, გასართობ ობიექტებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესობიექტებში, სპა ცენტრებში და ფიტნესდარბაზებში, სამთო კურორტების საბაგიროებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტს“ მხოლოდ 18 წლის ასაკიდან მოსთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

• არის სრულად ვაქცინირებული;

• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;

• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;

• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტექსტი.

პანდემიის ეფექტიანი მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს - როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციით მოქალაქეებს ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრება უპრობლემოდ შეეძლებათ. თუ პირი არის საზღვარგარეთ ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორი ან არის საქართველოს მოქალაქე და უცხოეთშია ვაქცინირებული, საზღვარზე შემოსვლისას ის წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR- ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს - CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

„თუ საქართველოში შემოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ორჯერ ვაქცინირებულია და მას აქვს „მწვანე სტატუსი“, შესაბამის დოკუმენტს წარუდგენს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, დეპარტამენტი კი შემოსული პირის შესახებ ინფორმაციას გადასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და განუმარტავს, რომ პირი, რომელიც შემოვიდა, არის სრულად ვაქცინირებული. ამის შემდეგ აღნიშნული პირი გადმოწერს აპლიკაციას - CovidPass Georgia, იქ უნდა მოხდეს მისი გამწვანება. შემდეგ იგი ამით ყველგან შევა, სადაც კი მას მოესურვება. ამ აპლიკაციაში ექნება თავისი შტრიხკოდი და დამატებით არანაირი დოკუმენტის წარდგენა არსად მას არ დასჭირდება“, - განგვიმარტა ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზის“ თანამშრომელმა.

მისივე თქმით, სხვებისგან განსხვავებით, თუ პირს „სპუტნიკის“ აცრა აქვს გაკეთებული და შემოდის საქართველოში, მას ასევე მოეთხოვა PCR -ტესტის წარდგენა.

„თუ მოდის უცხო ქვეყნის რუსეთიდან მოდის და აცრილია „სპუტნიკით“, მაშინ მას „მწვანე სტატუსი“ არ ექნება. ჯანმოს მიერ აღიარებული ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით აცრილ ნებისმიერ ადამიანს ექნება „მწვანე სტატუსი“, მაგრამ „სპუტნიკით“ აცრილს ასევე დასჭირდება PCR -ტესტი და ის უნდა წარადგინოს საზღვარზე შემოსვლისას. ზოგადად, ქვეყანაში არავაქცინირებული პირების შემოსვლა შესაძლებელია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს PCR -ტესტი და მესამე დღეს თავისი ხარჯით კვლავ უნდა ჩაიტაროს ტესტირება, მაგრამ ასეთი ადამიანები „მწვანე სტატუსით“ ისარგებლებენ მხოლოდ იმ 72 საათის განმავლობაში, რა ვადაც არის განსაზღვრული PCR -ტესტის მქონე პირებისთვის. არავაქცინირებულებს მუდმივად „მწვანე სტატუსი“ ვერ ექნებათ. თუ მათ უნდათ „მწვანე ზონებში“ მოხვედრა, მაშინ ეტაპობრივად, 3 დღეში ერთხელ, უნდა გაიკეთონ PCR -ტესტი“, - განგვიმარტეს „ცხელ ხაზზე“. აპლიკაცია Georgia e-Health კი გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.„მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვაც მოეხსნათ. კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზარდა. რესტორნებში სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვები ჯერჯერობით ისევ ძალაში რჩება და აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე იმსჯელებს. კვლავ ძალაშია შეზღუდვა ფართომასშტაბიანი გასართობი და ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორებიცაა - ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი, სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება.

თუ როგორ იცავენ დაწესებულ წესებს დაწესებულებები და ობიექტები, ამაზე მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სურსათის ეროვნული სააგენტო.

ობიექტზე „არამწვანე სტატუსის“ მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს - 10 000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.ციფრული კოვიდსერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა, მოქალაქეებმა App Store-დან https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048 ან Google Play-დან https://play.google.com/store/apps/details?id=com.moh.geehealth ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „ცხელი ხაზის“ შემდეგ ნომრებს: 1505, 144, 1522 და ასევე, ეწვიეთ ვებგვერდს - https://www.provax.ge

ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დააწესა შეზღუდვები საქართველოში შემომსვლელი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, უფიქსირდება ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14 -დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

14-დღიანი იზოლაციის, კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ PCR - კვლევა. აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა; ბოტსვანას რესპუბლიკა; ზიმბაბვეს რესპუბლიკა; ნამიბიის რესპუბლიკა; ლესოტოს სამეფო; ესვატინის სამეფო (სვაზილენდი); მოზამბიკის რესპუბლიკა; მალავის რესპუბლიკა. აქვე განვმარტავთ, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR -კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რა პროცედურებია გასავლელი საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის?

აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას https://matsne.gov.ge-ზე.უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, არ ექვემდებარება დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, გარდა ინდოეთის რესპუბლიკიდან შემოსული პირებისა. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით); უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR -ტესტირებას საკუთარი ხარჯით; საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR- ტესტის არქონის შემთხვევაში – ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას); უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებმა, სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR- კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR -კვლევის ჩატარება. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S