
წამალი, როგორც ძვირი „სიამოვნება“: რას პასუხობენ ბრალდებებს კომპანიები
30/11/2021 13:28:49 საზოგადოება
მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მორიგ ჯერზე ისაუბრა მედიკამენტების ფასების რეგულირების აუცილებლობის თაობაზე და როგორც დაანონსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა სახის საკანონმდებლო ცვლილებებს მოიაზრებს ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ირკვევა, კომუნიკაცია არც ფარმაცევტულ კომპანიებთან შემდგარა.
პრობლემა რომ მწვავეა და ის მძიმე ტვირთად აწევთ განსაკუთრებით პენსიონერებს, ამას როგორც საზოგადოებრივი კვლევები, ისე მინი–გამოკითხვებიც ადასტურებენ. თუმცა პრობლემის არსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს: თავად ფარმაცევტული კომპანიები ფასების ზრდის ტენდენციას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ, სპეციალისტები კი სხვადასხვა გარემოებებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, სამოქალაქო მოძრაობა „ხმისთვის“ მომზადებულ პუბლიკაციაში მკვლევარი ვახტანგ ნაცვლიშვილი სამ ძირითად მიზეზე საუბრობს:
- „ფასის დაურეგულირებლობა: საქართველო არ იყენებს წამლის ფასის რეგულირების არც ერთ მოდელს. შესაბამისად, წამლის ფასს კომპანიები თავად ადგენენ.
- ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან (იგივე არაეთიკური მარკეტინგი): ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი მიდის ექიმთან და სთავაზობს გარიგებას. თუ ექიმი დათანხმდება, სპეციალურ ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც მისი სახელი და გვარიც მიეთითება, პაციენტს უნიშნავს წამალს. ეს ბლანკიანი ფურცელი ჯერ პაციენტის ხელში ხვდება, შემდეგ კი პაციენტს აფთიაქში მიაქვს. გამოწერილი წამლების ოდენობის მიხედვით, ექიმი ფარმაცევტული მაფიისგან იღებს ფულად დანამატს“.
- პოლიტიკური ოლიგოპოლია: ფარმაცევტული ბაზრის თითქმის 70%-ს 4 კომპანია აკონტროლებს: პსპ ფარმა - 22.32% გეფა [ჯიპისი და ფარმადეპო] - 25,1% ავერსი-ფარმა - 14.54% გლობალფარმი - 7%. ეს კომპანიები ერთდროულად აკონტროლებენ საქართველოში წამლების შემოტანას (იმპორტს) და მათ საცალო გაყიდვას თავიანთი სააფთიაქო ქსელების გამოყენებით. სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, იმპორტი და საცალო რეალიზაცია ერთმანეთისგან გამიჯნულია. რადგან საქართველოში წამლის ფასის რეგულირების არც ერთი მოდელი არ მოქმედებს და ოლიგოპოლიური გარიგებებიც უკონტროლოა, წამლის ფასი კოლოსალურია“.
მკვლევარი მიუთითებს, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლია ორი მთავარი გზით ჩამოყალიბდა:
- "პირველი არის წამლის საქართველოში შემომტანი (იმპორტიორი) კომპანიების ექსკლუზიური შეთანხმებები წამლის მწარმოებელ კომპანიებთან. ამ შეთანხმებების ფარგლებში, მაგალითად, „ავერსი“ წამლის მწარმოებელ კომპანიას უთანხმდებოდა იმაზე, რომ ის კონკრეტული წამლის ერთადერთი შემომტანი უნდა ყოფილიყო და სხვა არცერთ სუბიექტს ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა. ამდენად, მას შეეძლო, სრულად განესაზღვრა ის, თუ რა ფასად გაიყიდებოდა მის მიერ შემოტანილი წამალი.
- მეორე იყო გარიგებები საქართველოში მოქმედ მსხვილ იმპორტიორებს შორის. სქემა ასეთია: ერთ კომპანიას, მაგალითად, პე-ეს-პეს ექსკლუზიურად შემოაქვს წამალი X; მეორეს, მაგალითად, ავერსს - წამალი Y. ისინი ამ წამლებს, რომელთა ფასსაც ერთპიროვნულად ადგენენ, უნაწილებენდნენ ერთმანეთს".
რას პასუხობენ ბრალდებებს კომპანიები
„აქენტმა“ თემის ირგვლივ საუბარი სამ მსხვილ კომპანიასთან სცადა. მიუხედავად ერთკვრიანი ლოდინისა, „ავერსმა“ რატომღაც დუმილის რეჟიმი აირჩია, ხოლო PSP–სა და გეფა–ში კი ბრალდებებს არ იზიარებენ. კერძოდ, PSP–ში განმარტეს, რომ სააფთიაქო ქსელს ექიმთან შემხებლობა არ აქვს და ვერც მის დანიშნულებაზე მოახდენს გავლენას, „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელი ქეთი კოზმიაშვილი კი ფინანსურ მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას:
„ფარმადეპოს“ მხრიდან პროცესები ყოველთვის გამჭვირვალე იყო. ჩვენ სააქციო საზოგადოება ვართ, ჩვენს ფინანსურ მაჩვენებლებსაც ვაქვეყნებთ, ამდენად მითებია, რომ სასწაული ფასნამატები აქვთ სააფთიაქო ქსელებს (სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ), „ფარმადეპოს“ კონტექსტში ეს ქვეყნდება და ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს, რა მოგებაზე მუშაობს ჩვენი კომპანია. ძალიან ბევრი მიმდინარე სოციალური პროექტი გვაქვს. „ფარმადეპო“ ყოველთვის იყო ასოცირებული დაბალ ფასებთან. ეს იყო ჩვენი ნიშა 13 წლის წინ – როდესაც დავარსდით და დღემდე ჩვენი მნიშვნელოვანი დაპირებაა, რომ მომხმარებლისთვის მედიკამენტი ხელმისაწვდომი იყოს.
რაც შეეხება ექიმებთან რაიმე ტიპის გარიგებებს, რა საკვირველია, ჩვენ თემას ვემიჯნებით. ზოგადადაც, ბევრი კვლევა არსებობს, რომ ეს თემა პრობლემურად დგას მარკეტინგულ კომპანიებთან, რომლებიც არიან პროდუქციის შემომტანები და რეალიზებას სხვადასხვა საცალო არხებთან ახორციელებენ. საცალო ქსელები მსგავს მეთოდს არ მიმართავენ, რადგან ისინი მასობრივ მომხმარებელზე გადიან“.
რა დაასკვნა კონკურენციის სააგენტომ
ნოემბერში გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ხანგრძლივი კვლევის შედეგები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცნობია, რეგულირების რა გზას აირჩევს მთავრობა, თუ არ ჩავთვლით პრემიერ ღარიბაშვილის ზოგად მინიშნებას, რომ „უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში“. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების პროცესში სწორედ ხსენებული კვლევაც ითამაშებს საკუთარ როლს. კვლევაში კი ვკითხულობთ, რომ იმპორტირებული მედიკამენტების (და ბაზარზე ძირითადად სწორედ იმპორტირებული მედიკამენტები იყიდება), საერთო ღირებულება ლარში მზარდია, დოლარში კი, ნაკლებად მზარდი.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ წამლების იმპორტი, წარმოება და გაყიდვა, მათ მიერ კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობასთან ერთად, გარკვეულ რისკებს შეიცავს პაციენტებისთვის. სპეციფიკიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ ბაზარზე მოთხოვნა ფორმირდება არა საბოლოო მომხმარებლის, ანუ პაციენტის, არამედ პირველ რიგში ექიმისა და საბოლოოდ, რიგ შემთხვევებში, ფარმაცევტის დონეზე:
„შესაბამისად, ბაზარზე არ არსებობს საბოლოო მომხმარებლის კონკურენტული წნეხი და ამ მოცემულობაში, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, თუ რამდენად ქმნის კონკურენტულ წნეხს ექიმისა და ფარმაცევტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“.
ამასთან, ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ბაზარი „ჰორიზონტალურად (მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით) და ვერტიკალურად (კომპანებითავად თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას, ამასთანავე კი ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს) ინტეგრირებულია“:
„ეს გარემოება კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, ხოლო ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნესინტერესებს“.
ანგარიშის ავტორები მიუთითებენ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამედიცინო დაწესებულება და პერსონალი ვალდებულნი არიან, დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:
ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;
ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ.ეს კანონი კრძალავს იმასაც, რომ პირმა, თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს აღნიშნული პრინციპებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.
ამჟამად მოქმედი ნორმებით, ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ან/და პერსონალი 1000 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 2000 ლარით. თუმცა, კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ქვეყანაში ნაკლებად უზრუნველყოფილია დარგის მარეგულირებლის მიერ „ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის პრინციპების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები. ამასთან, სააგენტოს პოზიციით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სანქცირების არსებული მექანიზმი არასათანადო და არასაკმარისია იმ შესაძლო ზიანთან მიმართებით, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის შედეგად შესაძლოა მიადგეს პაციენტს:
„აღნიშნული გარემოება, ბაზრის ჰოლდინგურ მოწყობასთან და ინტეგრაციის მაღალ ხარისხთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებს და რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებს შორის შესაძლებელს ხდის ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის არსებობას“. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება „ბაზრის სტრუქტურაზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეულ დანახარჯებზე და პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბაზარზე „ფართოდ არის უზრუნველყოფილი საფასო არჩევანი მედიკამენტებთან დაკავშირებით“, თუმცა „ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) ახორციელებენ იმ მედიკამენტების რეალიზაციას, რაც წარმოადგენს ამავე კომპანიის/კომპანიების იმპორტირებულ ან/და ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს“.
კონკურენციის სააგენტო ასევე წერს, რომ „კომპანიების ფასნამატი მედიკამენტებზე, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენელია სავაჭრო დასახელებით [ბრენდირებული მედიკამენტები], მსგავსია გენერიკულ მედიკამენტებზე არსებული ფასნამატის (თანხობრივ ნაწილში)“.
ინფორმაციისთვის: გენერიკული პრეპარატი არის არაპატენტირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ორიგინალური პრეპარატის ასლია. პატენტის 20-წლიანი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის წარმოება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მწარმოებლისათვის. გენერიკების ფასი, ჩვეულებრივ, ორიგინალზე დაბალია.
სააგენტო ასკვნის, რომ „გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით“.
ფასწარმოქმნის ამგვარი მოდელი კი, სააგენტოს შეფასებით, „არაგონივრულს ხდის მაღალი თვითღირებულების და, შესაბამისად, მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არსებულ მოთხოვნას, მაშინ, როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია გაცილებით დაბალი ფასის მქონე გენერიკი ან/და კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტი“.
„მაღალი თვითღირებულებისა და, შესაბამისად, მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტების ბაზარზე არსებობა და მათზე ბაზრის მაღალი ხარისხის ინტეგრაციისა თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის შედეგად არსებული ხელოვნური/გარანტირებული მოთხოვნა“, – იმპორტიორ/მწარმოებელ, საბითუმო მიმწოდებელ და საცალო რეალიზატორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ხორციელდება მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, მიიღონ მაღალი ფასნამატი, – წერია ანგარიშში.
სააგენტო იქვე განმარტავს, რომ გარანტირებული/ხელოვნური მოთხოვნა ქმნის წინაპირობას, კომპანიებმა მედიკამენტების ფასწარმოქმნასთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებები მიიღონ ყოველგვარი კონკურენტული წნეხის გამორიცხვის შედეგად.
ეს კი, საბოლოო ჯამში: ერთი მხრივ, იწვევს მომხმარებლის/პაციენტის არაინფორმირებულ არჩევანს და მაღალი თვითღირებულების/საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არჩევანის შეჩერებას, მეორე მხრივ, ამგვარ მედიკამენტებზე არსებული გარანტირებული მოთხოვნა შესაძლებელს ხდის გენერიკებზე გაცილებით მაღალი ფასნამატის მიღებას [პროცენტულად].საბოლოოდ, კონკურენციის სააგენტო ასკვნის, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში, პაციენტი/მომხმარებელი 2016-20 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდა.
„მედიკამენტის არჩევისას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, რეცეპტი ელექტრონული უნდა იყოს და მასში ძირითად მედიკამენტთან ერთად ჩამნაცვლებელი გენერიკული მედიკამენტიც უნდა იყოს მითითებული, რაც გენერიკების წილის ზრდას და შესაბამისად, დანახარჯების კლებას შეუწყობს ხელს“,– განმარტავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ჰოლდინგის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თემაზე დისკუსია უნდა გაიხსნას, შედგეს საუბარი დეტალებზე, რათა გამოირიცხოს რისკები, რაც შესაძლოა, სწრაფმა და ხისტმა დარეგულირებამ წარმოშვას. ერთ–ერთ მსგავს რისკად ის ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების „გაქრობის“ საფრთხეს განიხილავს. ის იზიარებს კონკურენციის სააგენტოს შენიშვნას ჩამნაცვლებელი გენერიკული მედიკამენტების თაობაზე და ამასთან, გამოსავალს არა ჰოლდინგების დაშლაში, არამედ ელექტრონული რეცეპტების ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებაში ხედავს.