
სააკაშვილის პირადი ექიმი: "ექს–პრეზიდენტი არის უფრო სუსტად, არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს"
10/11/2021 04:35:22 პოლიტიკა, საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი არის უფრო სუსტად და არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს. ამის შესახებ მედიკოსმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს პირველად შევხვდი, ვილაპარაკეთ მის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში. გამოიყურება მხნედ, მაგრამ გეტყვით, რომ არის სუსტად. გინდაც გადაადგილება, უფრო სუსტად არის, უფრო ნელა მოქმედებს, უფრო ნელა წერს. არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ ერთ დასაწყნარებელ წამალს - დასაძინებელს და ასევე გლუკოზის აბებს. ხვალ არის ექსპერტიზა დანიშნული ზუსტად ამის გამო. ტესტები არ გაგვიკეთებია რამდენიმე დღეა, არ ვიცით სასიცოცხლო მაჩვენებელი რამდენი აქვს. ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასე, მით უმეტეს მოშიმშილე ავადმყოფში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.