
გაბუნია - გლდანის ციხის საავადმყოფოზე: "მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და შესაძლოა, დახმარება დასჭირდეთ"
09/11/2021 09:41:15 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის.
„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრის მოადგილემ კითხვაზე არ უპასუხა და მედია პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაამისამართა.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.