
როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს
26/10/2021 10:55:48 პოლიტიკა, ანალიზი
არჩევნებამდე სამი დღით ადრე სახელისუფლებო გუნდი მასშტაბური პარტიული ღონისძიებისთვის ემზადება: როგორც დაანონსდა, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე - იქ, სადაც 14 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მსხვილ საპტოტესტო გამოსვლაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავს.
ცალკე საკითხია მსგავსი ღონისძიების ორგანიზების მიზანშეწონილობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ყოველდღიურად ვკარგავთ ათობით თანამოქალაქეს, ხოლო ვაქცინაციის დაბალი ტემპი ეპიდემიოლოგთა მხრიდან საგანგაშოდ ფასდება. დიახ, ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე უნდა ინაწილებდეს, თუმცა მთავარი წილი, ბუნებრივია, მმართველ პოლიტიკურ ელიტაზეა, რომელიც ანტივაქსერების „მძევლად“ არ უნდა იქცეს და თუნდაც ხისტ გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური კალენდრისა თუ პარტიული ინტერესის, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პოცესებზე დამკვირვებლების ყურადღებას იქცევს ხსენებული აქციის მიზნები. აქ აუცილებელია, აღინიშნოს, რომ მედიისთვის აღნიშნული შეკრების მზადების შესახებ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მაშინ მედია წერდა, რომ ღონისძიებას „ქართული ოცნება“ ერთგვარ საპასუხო აქციად განიხილავდა. მართალია, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს გვარწმუნებს, 27 ოქტომბრის შეკრება “პარტიის მიერაა ორგანიზებული და არა ხელისუფლებისო", თუმცა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდის წევრები ოპოზიციის საპროტესტო ღონისძიებაზე თავმოყრილი მოქალაქეების „თავების თვლას“ შეუდგნენ და პარალელურად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიძულვილის ენა გაამწვავეს, დამკვირვებლებს ეჭვები კიდევ უფრო გაუღრმავდათ.
„ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც პოლიტიკური პარტია მსვლელობას, მანიფესტაციას მართავს, მაგრამ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ შექმნილი ფონი და კონტექსტი. მესმის, რომ საუბარია მხარდამჭერების მობილიზებაზე, მაგრამ ამ მოვლენას საპასუხო აქციის ელფერი უფრო დაჰკრავს. ამას მოწმობს განცხადებებიც „ისინი რამდენნი იყვნენ? დავანახებთ, რომ ჩვენ მეტნი ვართო“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.
ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი არ თვლის, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთან ურთიერთობის ყველაზე სწორი ფორმა:
„არ მგონია, რომ ეს იყოს ყველაზე სწორი ფორმა, რომლითაც ხელისუფლება უნდა ელაპარაკებოდეს ამომრჩეველს და რითაც უნდა ცდილობდეს საკუთარი მოქალაქეების მოტივირებას. მით უფრო, რომ საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ. როდესაც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს: ის პარტიაზე მაღლა უნდა დადგეს, მისი ამოცანა უნდა იყოს, კიდევ მეტად არ გაღრმავდეს პოლარიზაციის ხარისხი».
ფხალაძე მწუხარებით აღნიშნავს, რომ ჩვენს სინამდვლეში კომპენტენციების თვალსაზრისით სახელმწიფო და პარტიული ინსტიტუტები სრულიად აღრეულია:
"ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უმრავლესობის სხდომაზე, პარტიულ შეკრებაზე, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება მისაღებია პარლამენტში ან მთავრობის სხდომაზე – სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. არც ეს [დაანონსებული აქცია – რედ.] შემთხვევაა გამონაკლისი და ეს პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას“.
კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას „აქცენტთან“ საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტიკის მიმომხილველი პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას კონტრაქციად განიხილავს:
„რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი ეფექტური აქცია [14 ოქტომბერს – რედ.], ღონისძიებას მაინც ჩაატარებდნენ, მაგრამ ასეთი პომპეზური არ იქნებოდა. სამზარეულოებში, სამსახურებში, მეტროში... - ყველგან საუბრობენ, „აი, რა მაგარია ენმ“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამდენად, მათ საკუთარი ამომრჩევლების გამხნევება სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ამ აქციით „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ხმა არ დაემატება, მაგრამ მათთვის მთავარია, არც მოაკლდეთ. ამდენად, ეს მობილიზება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვისაა, ეს ერთგვარი გამამხნევებელი შეხვედრაა, რომ „ყველაფერი კარგადაა, ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ მეტნი და უფრო მაგრები ვართო!“. ოპოზიციასთა დატოლება, ცხადია, უხერხულია და ბეჩავად გამოიყურებიან იმ დროს, როდესაც სულ სხვა ამოცანები აქვთ გადასაჭრელი: სიღარიბეზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ეკნომიკურ განვითარებაზე უნდა ისაუბრონ. მაგრამ ახლა, როგორც უკვე ვთქვი, მათ ჩვენ არ ვადარდებთ“.
ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბერს მმართველი გუნდი, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მობილიზებას შეძლებს და ამ კონტექსტში ყურადღებას იმ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს, რომ ამისთვის „ბიუჯეტის ფული დაიხარჯება, ანუ, საკუთარ მიტინგს ჩვენი ფულით ჩაატარებენ“.
მას რჩევა აქვს საზოგადოების პროცესით დაინტერესებული ნაწილისთვის:
„27 ოქტომბერი სამუშაო დღეა. ეფექტური იქნება, ადგილობრივი აქტივისტები მივიდნენ მუნიციპალურ სამსახურებში, შეიტანონ განცხადებები, მოითხოვონ შეხვედრები - და აღმოაჩენენ, რომ ძალიან ბევრი თანამშრომელი ადგილზე არ იქნება, რადგან ჩვენს ხარჯზე მიტინგზე იქნებიან წარმოდგენილნი. ენმ კი ახლა ბიუჯეტის ფულს ვერანაირად ვერ დახარჯავდა“.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად თავმოყრილი ადამიანების რაოდენობისა, 14 და 27 ოქტომბრის აქციების ერთმანეთთან შედარება სამართლიანი არ იქნება:
„შესაძლოა, ამ აქციებზე მობილიზებული მოქალაქეების რაოდენობა თანაბარი იყოს, ან სახელისუფლებო შეკრებაზე მეტიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ მთავარი ისაა, ვინ არის ეს ხალხი, რა პირობებითა და ფულით მოხდა მათი მობილიზება. გამოვრიცხავთ მუქარას? გამოვრიცხავთ, რომ სკოლაში პედაგოგები არ დაიბარეს, გამგეობებში - თანამშრომლები და არ უთხრეს, „თუ არ წახვალთ აქციაზე, პრობლემები შეგექმნებათო»?!“.
ამ ფონზე კი საქართველო, როგორც ფხალაძე გვეუბნება, დასავლელი პარტნიორების თვალში მოჩანს ქვეყნად, სადაც არსებობს ღრმა პოლარიზაცია, ხოლო პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ურთიერთობებს არკვევენ ქუჩის აქციებით და არა სახელმწიფო ინსტიტუტებში.
„ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტი და დაბალეფექტიანია“,– ასკვნის ფხალაძე.