Accentnews.ge
რეგიონში დაანონსებული ფორმატები და თანმდევი რისკები: ხედვა აზერბაიჯანიდან

რეგიონში დაანონსებული ფორმატები და თანმდევი რისკები: ხედვა აზერბაიჯანიდან

21/10/2021 15:55:10 ანალიზი

მიუხედავად საექსპერტო საზოგადოებაში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებისა, უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბრები თურქეთის პრეზიდენტის მიერ რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის გასულ წელს შეთავაზებულ „3+3“ (იგივე „ექვსწევროვან“) ფორმატზე, რომელიც, როგორც დაანონსდა, რეგიონის კონფლიქტების გადაჭრაზე, ეკონომიკური კავშირების გახსნასა და განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს.

საწყის ეტაპზე თითქოს მკაფიო იყო თბილისის დამოკიდებულება ამ ჯერ არარსებული პლატფორმის მიმართ, რომელიც, როგორც ექსპერტები თვლიან, რეალურად, რეგიონის დასავლეთისგან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან „ჩაკეტვას“ ისახავს მიზნად და ჩვენს ქვეყანას მარტოდ დატოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანის ამასწინანდელმა კომენტარმა („რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია: ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ“) ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში გაზარდა შეშფოთება და ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამ საკითხის განხილვა დაიწყეს და შესაძლოა, ქვეყანა არასასურველ ურთიერთობებში აღმოჩნდეს ჩართული.

მოგვიანებით საგარეო უწყებამ კრიტიკოსები არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა, თუმცა სადავო განცხადებაში კონკრეტიკა ჯერ კიდევ არ შეუტანია. მაგალითად, არ განუმარტავთ, იგულისხმებოდა თუ არა “გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით ჩართულობაში” უშუალოდ „ექვსწევროვანი პლატფორმა“, ან ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომლის შექმნასაც ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით განიხილავენ, თუ მინისტრ ზალკალიანს პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ამასწინათ გაერო–ში გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა მხედველობაში საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ ზალკალიანის ხსენებული კომენტარი მისი რუსი კოლეგის - სერგეი ლავროვის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ცინიკურ განცხადებას მოჰყვა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: „ვიმედოვნებთ, საქართველოც, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელსაც ახლა განიცდის, დაინახავს თავის ძირეულ ინტერესს კონსულტაციების მსგავსი მექანიზმის ჩამოყალიბებაში რეგიონული განვითარების დასაჩქარებლად, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქ არსებული კონფლიქტები აფერხებდა".

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში თავის პირველ ვიზიტად მყოფმა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავი არ აარიდა “3+3” ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, როგორ მოიქცეოდა ქართული მხარის ადგილზე: „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ ფორმატზე ისაუბრებდეს. მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), გადაჭრან დავები და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“.

ამიერკავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობაზე გაამახვილეს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას ყურადღება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამნტშიც: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მოვუწოდებთ, ერთად იმუშავონ დავების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი არ უნდა ეცადონ რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის დამკვიდრებას“.

რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ თანამშრომლობის სამმხრივი (ბაქო-თბილისი-ერევანი) ფორმატის ჩამოყალიბების თბილისური ინიციატივა აზერბაიჯანში? რამდენად მისაღებია ბაქოსთვის ქართული მხარის წინადადება, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დიალოგს? აღიქვამენ თუ არა ბაქოში საფრთხედ „3+3“ ფორმატს? - ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ პარტია „მუსავათის“ ლიდერს არიფ გაჯილის ესაუბრა და დღეს მკითხველს მის ხედვებს სთავაზობს.

საქართველო, როგორც შუამავალი

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი «სრულიად ბუნებრივად» მიიჩნევს საქართველოს სურვილს, ორ დანარჩენ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას შორის კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლობა იკისროს.

„საქართველოს სერიოზული ეკონომიკური კავშირები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან [საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ასევე აზერბაიჯანის სტრატეგიული და სამხედრო მოკავშირე – რედ.]. ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი კომუნიკაციების უმრავლესობა საქართველოზე გაივლის. ეს არის ასევე აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კომუნიკაციები, რომლებზეც რუსეთის კონტროლი ვერ ვრცელდება. ამ თვალსაზრისით, ასევე კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით საქართველო დაინტერესებულია სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებით. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ ნდობით ვეკიდებით საქართველოს მთავრობის სურვილს, შუამავლის როლი იკისროს» - ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი.

მისივე ინფორმაციით, პარტია «მუსავათმა» აზერბაიჯანის მთავრობას თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით სომხურ მხარესთან შეხვედრის გამართვა უკვე შესთავაზა.

თუმცა იმის პროგნოზირება, რამდენად შედეგიანი იქნება საბოლოო ჯამში ქართული მხარის საშუამავლო ინიციატივა, აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს უჭირს.

სამმხრივი (ბაქო-თბილისი-ერევანი) თანამშრომლობის ფორმატი

არიფ გაჯილის აზრით, თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის იდეის რეალიზება პირველ რიგში, სომხეთის პოზიციაზეა დამოკიდებული:

«საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ისედაც მაღალ დონეზეა და აზერბაიჯანი საკმაოდ ლოიალურია ამ ახალი ინიციატივის მიმართ. აი, სომხეთი კი, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ზრუნავდეს, ტერიტორიულ და სხვა სახის პრეტენზიებს აყენებს ყველა მეზობლის მიმართ და თავის მოკავშირეებს მოშორებით, უმთავრესად მოსკოვში ეძებს“.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი თვლის, რომ რაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტებს ბაქოსა და ერევანში ბოლო დროს საკმაოდ ინტენსიური სახე აქვს, დადებითი შედეგების მიღების შანსები ამოწურული არ უნდა იყოს:

„საქართველოს პრემიერ–მინისტრის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტებსა და მსგავს ფორმატში შეხვედრებს სასარგებლოდ მივიჩნევ. თუ ისინი, საბოლოო ჯამში, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერების შუამავლების გარეშე შეხვედრამდე მიგვიყვანს, ეს წარმატება იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისათვის. რაკი შეხვედრები გრძელდება, ეს იმის ნიშნად მიმაჩნია, რომ დადებითი შედეგების მიღწევის შანსები არ ამოწურულა“.

ფორმატი „3 + 3“: შანსები და რისკები

ე.წ. «ექვსთა პლატფორმასთან» მიმართებაში, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ იყო ინიცირებული, შემდგომში კი რუსეთის მიერ აქტიური ლობირების საგნად იქცა, არიფ გაჯილი სკეპტიკურადაა განწყობილი:

«როგორ შეიძლება პლატფორმა «3 + 3»-ის რეალიზება, თუ არ ჩამოყალიბებულა ნორმალური ურთიერთობები სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოს შორის, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები დაურეგულირებელია?! გარდა ამისა, არსებობს დაძაბულობა სამ სხვა სახელმწიფოს — რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის».

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი «3 + 3» ფორმატს უპირველესად, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შენარჩუნებისა და გაძლიერების საშუალებად განიხილავს:

«რუსეთს სურს, სამხრეთ კავკასიაში არა სამი, არამედ ექვსი სახელმწიფო არსებობდეს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და ამ პროექტზე უკვე მილიარდები დახარჯა».

მას ეეჭვება, სომხეთს ამ საკითხის განხილვებში რაიმე წამყვანი როლი გააჩნდეს:

„მიუხედავად სომხეთის მცდელობისა, ამ პროცესიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საბოლოო ჯამში, იგი მოსკოვის პოზიციას დაეთანხმება, რადგან სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე“.

რაც შეეხება საქართველოს, არიფ გაჯილის აზრით, ერთადერთი გზა, რუსეთმა საქართველო ხსენებული პროექტით დააინტერესოს, ოკუპაციაზე უარის თქმა უნდა იყოს:

„რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობებზე. მხოლოდ ამ გზით შეუძლია მოსკოვს, საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობით დააინტერესოს. თუმცა საქართველოში განვითარებული ამასწინანდელი პოლიტიკური მოვლენები ასევე აჩვენებს, რომ რუსეთის შანსი, საქართველოზე კონტროლი აღადგინოს, ძალზე მცირეა“.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, „საქართველოსაც, სომხეთსაც საკუთარი მოტივები აქვთ ფორმატ «3 + 3»-ის მხარდასაჭერად ან წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ ეს მოტივები განსხვავებულია, რიგ შემთხვევებში კი – ურთიერთსაწინააღმდეგოც»:

«მაგალითად, ჩამოყალიბდა საკმაოდ რთული, ხანდახან წინააღმდეგობრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის. იგივე ითქმის ფორმატ "3+3"-ისადმი მიდგომებზე სომხეთსა და საქართველოში».

ზოგადად, პოლიტიკოსის აზრით, „სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების მომავალი უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ამ სახელმწიფოების ხალხთა ნებაზე, ვიდრე გარე ზეგავლენებზე“:

„სომხეთის ამასწინანდელმა არჩევნებმა, სააკაშვილის, როგორც თანამედროვე საქართველოში ანტირუსული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ამასწინანდელმა პოლიტიკურმა მხარდაჭერამ, დევნისა და დაკავებების მიუხედავად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისთვის განგრძობადმა ბრძოლამ აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გადაყვანა ევროინტეგრაციის გზიდან შეუძლებელია».

გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ფორმატ «3 + 3»-ის მოწინააღმდეგეთა შორის არსებობენ ძალები, რომლებსაც ზემოქმედების გაცილებით უფრო ძლიერი ბერკეტები გააჩნიათ, ვიდრე საქართველოსა და სომხეთს.

იდეა «3+3+2»

არიფ გაჯილის არარეალისტურად მიაჩნია რიგი სომეხი ექსპერტების იდეა, ფორმატ „3+3“-ს კიდევ ორი აქტორი –ევროკავშირი და აშშ დაემატოს:

„იმის გათვალისწინებით, რომ პირველ სამეულში რუსეთი, ირანი და თურქეთი შედიან, მსგავსი ფორმატი ფანტასტიკურად გამოიყურება».

საუკეთესო გამოსავალი

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის აზრით, რეგიონული უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის ოპტიმალური გზა ევროკავშირის «აღმოსავლეთ პარტნიორობის» გაძლიერება, სუამ-ის აღდგენა თურქეთის ჩართვით და «პოდსდამის პროცესის» გაგრძელებაა.

«პარტია «მუსავათი» მხარს უჭერს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) აღორძინებას ამ კავშირში თურქეთის ჩართვითა და სამომავლოდ რეგიონის სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობით. «ჩვენი აზრით, ეს არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში ყველაზე წარმატებული გზაა რეგიონული უსაფრთხოებისა და განვითარების მისაღწევად“, – აღნიშნავს არიფ გაჯილი.

ამასთანავე, მისი აზრით, მნიშვნელოვანია «პოდსდამის პროცესის» გაგრძელებაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების (მათ შორის - «მუსავათის») მონაწილეობით.

«და ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ინიციატივები სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ნამდვილად მნიშვნელოვანია“ – დასძენს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S